შალვა პაპუაშვილი: პრეზიდენტმა ხელი მოაწერა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს და გარკვეულ ისტერიკას პასუხი გაეცა

"ზოგიერთი დაინტერესებული მხარის მხრიდან გარკვეულ ისტერიას პასუხი გაეცა იმით, რომ დისკუსიის მოსმენის შედეგად პრეზიდენტმა ხელი მოაწერა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც სამსახურის გაუქმებასა და მის ნაცვლად ახალი სტრუქტურების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ამ პროცესის განმავლობაში გვესმოდა სხვადასხვა სახის კრიტიკა, მათ შორის, რატომ იყო დაჩქარებული პროცესი. ამასობაში გავიდა ბევრი დრო და იყო საკმაო დრო იმისთვის, რომ თუკი რაიმე კრიტიკული არგუმენტი არსებობდა, გამოთქმულიყო. ყველა არგუმენტი გამოითქვა, ყველა არგუმენტი გავცვალეთ. საბოლოო ჯამში, მშრალი ნაშთი დარჩა ის, რომ ყველა ვთანხმდებით, ინსტიტუციურად ეს იყო სწორი გადაწყვეტილება და რაიმე არსებითი კრიტიკა ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. აქედან არის ნაკარნახევი პრეზიდენტის გადაწყვეტილება. პრეზიდენტმაც მოისმინა რა ყველა ეს მოსაზრება, გამოიტანა საკუთარი გადაწყვეტილება და ხელი მოაწერა ამ კანონს. აქედან გამომდინარე, მთიანად ამ პროცესს მათ შორის, გარკვეულ ისტერიას ზოგიერთი დაინტერესებული მხარის მხრიდან, გაეცა პასუხი იმით, რომ პრეზიდენტმა ამ დისკუსიის მოსმენის შედეგად ხელი მოაწერა კანონს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის“ გაუქმების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ 26 დეკემბერს განაცხადა, რომ უწყების მოსალოდნელი გაუქმების შესახებ ინფორმაცია მედიით შეიტყო. გადაწყვეტილებას მოჰყვა ამერიკის ელჩის კრიტიკა, რომელიც 27 დეკემბერს შეხვდა სახელმწიფო ინსპექტორს.

ამასთან, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. რაც შეეხება მმართველი პარტიის პოზიციას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, საუბარია ინსტიტუციურ რეფორმაზე და „ლონდა თოლორაიას მიმართ გუნდში არანაირი პრობლემა არ აქვთ“.

ასევე წაიკითხეთ: ამერიკის ელჩმა კომიტეტების თავმჯდომარეებს ორ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით პროცესის გადადებისკენ მოუწოდა