შალვა პაპუაშვილი: ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა პირადი სიმპათია-ანტიპათიით მისაღები გადაწყვეტილება არაა

"ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე, დადასტურდა დანაშაულის არსებობა, რაც ეხება დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, ეს არ არის პირადი სიმპათია-ანტიპათიის მიხედვით მისაღები გადაწყვეტილება", - ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

"განაჩენი, რომელიც მოვისმინეთ მძიმეა, ამით დადასტურდა დანაშაულის არსებობა. ეს არის მძიმე და ამაზე საჭიროა პასუხის გაცემა. რაც შეეხება პროცედურებს პარლამენტში, კანონმდებლობის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში პარლამენტმა უნდა იმსჯელოს უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე. საპროცედურო კომიტეტი ამ საკითხს განიხილავს და მისი დასკვნიდან გამომდინარე პარლამენტი იმსჯელებს.

სამართლებრივ დასკვნას ვნახავთ, რომელსაც წარმოადგენს საპროცედურო კომიტეტი და აქედან გამომდინარე მიიღებს პარლამენტი გადაწყვეტილებას", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, თაღლითობაში დადანაშაულებულ ბადრი ჯაფარიძეს შესაძლოა, სადეპუტატო მანდატი შეუწყდეს - საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, შესაძლოა, მისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი გახდეს.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განაჩენი ცნობილია

ცნობისთვის, TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო, თებერვალში კი, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა".

რაც შეეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა.

ასევე წაიკითხეთ: ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნება“ ჩემთვის მანდატის მოხსნის საკითხს თუ განიხილავს, ეს პოლიტიკური დევნა იქნება