საქართველოს უსაფრთხოებასა და ეროვნულ ინტერესებზე რეგიონული უსაფრთხოების გავლენის საკითხები თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა დახურულ რეჟიმში განიხილა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა საქართველოს უსაფრთხოებასა და ეროვნულ ინტერესებზე გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების გარემოს გავლენაზე, არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებსა და გამოწვევებზე დახურული შეხვედრა გამართა.

პარლამენტის ცნობით, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილემ და თავდაცვის ძალების სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დეპუტატებს დახურულ ფორმატში ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.

.„კომიტეტის სხდომაზე მომხსენებლებმა უსაფრთხოების გარემოზე, სხვადასხვა ხასიათის საფრთხესა და გამოწვევებზე ამომწურავი და დეტალური ინფორმაცია წარმოადგინეს. საუბარია როგორც სამხედრო ასევე ჰიბრიდულ საფრთხეებზე, მათ გამოვლინებებზე.

ჩვენ ასევე ვისაუბრეთ კონკრეტულ რეგიონებზე, როგორც ჩვენს ასევე სხვა რეგიონებზე, სადაც დღეს რუსეთის ფედერაციის სამხედრო აქტივობებს ადგილი აქვს და საიდანაც შესაძლოა არსებობდეს პირდაპირი ან არაპირდაპირი ნეგატიური გავლენა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე.

როგორც დაზვერვის სამსახურის, ასევე სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის მხრიდან მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია მოვისმინეთ და შესაბამისი უწყებების მოსმენების აღნიშნული პრაქტიკა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში, კვლავაც ინტენსიურად გაგრძელდება. გამოწვევა და პრიორიტეტებიც ამ გამოწვევების შესაბამისად ბევრია. ჩვენი საინფორმაციო მოთხოვნებისთვის ისევე როგორც ჩვენი საზედამხედველო საქმიანობისთვის მსგავსი მოსმენები მნიშვნელოვან ხასიათს ატარებს“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ შეხვედრის შემდეგ.

ცნობისთვის, 13 იანვარს, საქართველოს პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ასევე დახურულ კარს მიღმა იმსჯელეს ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე აშშ-ისა და რუსეთს და NATO-სა და რუსეთს შორის ამ კვირაში გამართული შეხვედრების შესახებ.

„საქართველო აქტიურ კომუნიკაციაში იყო ჩართული როგორც აშშ-თან, ასევე ნატო-ს 30- ვე წევრ ქვეყანასთან, აქტიურად მუშაობდნენ პარტნიორებთან საელჩოები, რათა საქართველოს საკითხები სათანადოდ ყოფილიყო ხაზგასმული და წამოწეული“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ.

„დოკუმენტთან მიმართებით, რაც რუსეთმა გაავრცელა, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია ხაზგასმული, ამით პრაქტიკულად რუსეთი საერთაშორისო საზოგადოებისგან ითხოვდა, აღიარებული ყოფილიყო ევროპის დაყოფა უსაფრთხოების ზონებად, კერძო ექსკლუზიური გავლენის სფეროებად. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რასაც აყენებდა არის ის, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნები და მათ შორის, საქართველო არ უნდა გახდნენ NATO-ს წევრები და ამაზე ვალდებულება უნდა აიღოს დასავლეთმა, რაც ცალსახად არის წინააღმდეგობაში საერთაშორისო სამართალთან, სუვერენიტეტის პრინციპთან და თავისთავად საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული. ეს იყო ის საკითხი, რაზეც დასავლელ პარტნიორებთან გვქონდა პირველივე დღეებიდან კომუნიკაცია, როცა ეს პროცესები დაიწყო“, - აღნიშნა დარსალიამ.