თამარ გაბუნიას თქმით, ორშაბათიდან ვაქცინირებული ადამიანებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ორშაბათიდან ვაქცინირებული ადამიანებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება. ამის შესახებ გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში ექსპერტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ამასთან, ვირუსის მსუბუქი მიმდინარეობით, იზოლაციაში ყოფნა 8 დღე იქნება საჭირო, მძიმე/საშუალო – მინიმუმ, 10 დღე.

„მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში გახდა შესაძლებელი და საერთაშორისო რეკომენდაციები გამოიცა იმასთან დაკავშირებით, რომ შემცირდეს იზოლაცია-კარანტინისთვის დაწესებული ვადები. ვადები ასეთი განისაზღვრა: ასიმპტომური-მსუბუქი შემთხვევებისთვის ეს იქნება 8 დღე, ამასთან სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს სულ მცირე 24 საათი და იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღის მანძილზე მკაცრად არის რეკომენდებული ნიღბის ტარება.

საშუალო და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის ვადა არის მინიმუმ 10 დღე, სახეზე უნდა იყოს მკვეთრად გაუმჯობესების დინამიკა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში და აქაც იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღე მკაცრად სავალდებულოა ნიღბის ტარება.

რაც შეეხება კონტაქტებს, ვადები აქაც მცირდება და მსუბუქდება. თუ კონტაქტი ვაქცინირებულია, მათ შორის, ბუსტერვაქცინაციის მქონეები და ადამიანები, რომლებსაც ჩატარებული აქვთ მხოლოდ პირველი ორი დოზა, ამ დოზების მიღებიდან 2 კვირა - 90 დღის ვადაში, კარანტინის ვადა ეხსენებათ. ანუ არ არის საჭირო მათთვის კარანტინი და ასევე, კოვიდინფექციის გადატანიდან 60 დღის განმავლობაში, ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაციის პირობებში კონტაქტიდან 10 დღის შემდეგ შეუძლიათ, კარანტინში აღარ იყვნენ", - განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 5567 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 36 პაციენტი