რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ საქართველო 3+3-ისთანამშრომლობის ფორმატს უნდა შეუერთდეს. მის განცხადებას რუსული მედია ავრცელებს. ლავროვის თქმით, დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობიდან გამომდინარე ნაკლები შესაძლებლობა აქვთ, საქართველოს ამ ფორმატის უპირატესობა აუხსნათ, ამიტომ ამის გაკეთება თურქეთს და აზერბაიჯანს სთხოვეს. ამავე დროს, ლავროვის თქმით, დახმარება სომხეთსაც შეუძლია.
„ჩვენ მივმართეთ თურქ და აზერბაიჯანელ მეგობრებს თხოვნით, რომ აუხსნან ქართველ მეზობლებს 3+3 ფორმატთან მიერთების სარგებელი. ასეთი მონაწილეობა მათ არაფერს დაავალდებულებს პოლიტიკური პოზიციების თვალსაზრისით“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
მისი თქმით, როდესაც უკვე მიღწეულია ყარაბაღის სამშვიდობო შეთანხმებები გასული წლის საომარი მოქმედებების შემდეგ, იწყება სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების აღდგენა და რეგიონში არსებული მარშრუტების განბლოკვა, ეს ხსნის შესაძლებლობებს, რაც არის თურქეთის, რუსეთის, ირანის ინტერესებში. ლავროვი დარწმუნებულია, რომ ეს საქართველოს ინტერესშიც უნდა იყოს.
როგორც ცნობილია, პირველი შეხვედრა ამ ფორმატში მოსკოვში 10 დეკემბერს გაიმართა. საქართველომ ოფიციალურად დააფიქსირა უარი, თუმცა რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ პირველი შეხვედრის შემდეგ, საქართველოსთვის კარი ღია რჩება. მომდევნო შეხვედრას თურქეთი უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, Europetime-მა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი პიტერ სტანო ექსკლუზიურად ჩაწერა. ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით.
ცნობისათვის, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლებისა და ახალი ზავის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომელსაც მხარი აზერბაიჯანმა და ირანმა დაუჭირეს. ამ ინიციატივით, რეგიონული თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის რეგიონის 3 სახელმწიფოს: საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს აერთიანებს. ასევე - ირანის ისლამურ რესპუბლიკას, რუსეთის ფედერაციასა და თურქეთს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „საქართველო უნდა იყოს ჩართული დიდ გეოპოლიტიკურ და რეგიონში მიმდინარე პროექტებში, მაგრამ არა სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე, არა ოკუპანტთან დათმობის ხარჯზე“. მანამდე, დავით ზალკალიანიმა ისიც განაცხადა, რომ საქართველოს რუსეთთან ერთად მონაწილეობა გაუჭირდება 3+3 ფორმატში, თუმცა რაღაც ფორმით ჩართული უნდა იყოს ახალ რეგიონულ პროექტებში. მოგვიანებით, მინისტრმა განმარტა, რომ ეს განცხადება არასწორად იყო აღქმული.
ასევე წაიკითხეთ: დავით ზალკალიანი 3+3 ფორმატზე: ეს შეუძლებელია
18 ოქტომბერს, საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს 3+3 ფორმატთან დაკშვირებით დაუსვეს შეკითხვა.
თავდაცვის სამინისტროში, ქართველ კოლეგა ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას უნდა სცეს პატივი.
„რუსეთი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, უნდა სცემდეს პატივს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.