ყაზახეთიდან სამშობლოში ბრუნდება საქართველოს 8 მოქალაქე

ყაზახეთის ქალაქ ალმატიდან საქართველოს მიმართულებით განხორციელდა რეისი, რომლის მეშვეობითაც საქართველოს 8 მოქალაქე, მათ შორის ანსამბლ „ილორის“ წევრები სამშობლოში დაბრუნდებიან.

აღსანიშნავია, რომ ყახაზეთში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ყახაზეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო, ისევე როგორც საქართველოს საპატიო საკონსულო და ქართული დიასპორის წარმომადგენლები მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებოდნენ ადგილზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან.

საელჩოს დახმარებით, ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველოს მოქალაქეები უზრუნველყოფილნი იყვნენ საკვებით, მედიკამენტებითა და პირველადი მოხმარების საგნებით. ამ დროისათვის, ყაზახეთიდან საქართველოში დაბრუნდა საქართველოს 100-ზე მეტი მოქალაქე.

ყაზახეთში საქართველოს საელჩო მუშაობას განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: +7 (717) 224-32-58. ამასთან, შესაძლებელია შეტყობინების გაგზავნა ელ-ფოსტის მისამართზე: astana.emb@mfa.gov.ge.

ცნობისთვის, მანიფესტაციების შედეგად, რომლებიც სწვავზე ფასების მომატებას მოჰყვა, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი მოედო. ალმათის მერის მოადგილემ ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ აეროპორტი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს.

ასევე წაიკითხეთ: სომეხმა, ტაჯიკმა და ყირგიზმა სამხედროებმა ყაზახეთი დატოვეს