ვიქტორ დოლიძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას არ ემუქრება არანაირი უკუსვლა

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად პულსზე გვეჭიროს ხელი, ვიყოთ კოორდინაციაში ჩვენ უკრაინელ და NATO-ელ კოლეგებთან, მხარდაჭერა, რომელიც გამოჩნდა მიმდინარე კვირის განმავლობაში, იყო ძალიან მნიშვნელოვანი და უნდა შევინარჩუნოთ", – ამის შესახებ NATO-ში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა, ერთ თვეში უკვე სამიტის პერიოდიც მოდის, ყველა უნდა მოემზადოს, რათა მეტი პოლიტიკური მხარდაჭერა და პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმები კიდევ უფრი გაძლიერდეს.

„იქნება შეხვედრა გენერალურ მდივანთან, ასევე იქნება შეხვედრა NATO-ს ძირითად ელჩებთან, აქ, ნატო-ს შტაბბინაში, პოლონეთის მისიაში იქნება შეხვედრა, სადაც ქვეყნები, როგორიც არის აშშ, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი და სხვა NATO-ელი მოკავშირეები, მათი ელჩები გააცნობენ მინისტრს NATO-რუსეთის საბჭოსთან დაკავშირებულ საკითხებს. ასევე იქნება საუბარი ჩვენი მომავალი ნაბიჯების თაობაზე. იანვარი გვექნება ძალიან დატვირთული. 26 იანვარს ველოდებით პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს, ეს იქნება მისი პირველი ვიზიტი ამ ამპლუაში.

ამ ფონზე, როდესაც რუსეთი აგრესიულად, მუქარებით მოქმედებს ძალიან მნიშვნელოვანია ის, რასაც ნატო აფიქსირებს, მათ შორის ჩვენთან ერთად შეხვედრაზე. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ აბსოლუტურად ილუზიას წარმოადგენს, ის, რაც შესთავაზა რუსეთმა ე.წ. უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე ჩვენს ამერიკელ და NATO-ელ მოკავშირეებს. არავინ აპირებს ამ დოკუმენტის განხილვას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას არ ემუქრება არანაირი უკუსვლა და არანაირი შემოტრიალება", - განაცხადა დოლიძემ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გაიმართა NATO-რუსეთის საბჭოს შეხევდრა, სადაც იყო მსჯელობა გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე.

ასევე წაიკითხეთ: დავით ზალკალიანი: ბრიუსელში NATO-ს მიწვევით ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

დავით ზალკალიანი: საქართველოსა და ჩვენი პარტნიორებისთვის რუსეთის მცდელობები მიუღებელია