ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია „ომიკრონის“ დიაგნოსტირებისთვის ანტიგენ ტესტის გამოყენების რეკომენდაციას გასცემს, თუმცა აღნიშნავს, რომ მაინც მეტი სიფრთხილე გვმართებს, რადგან თუ ადამიანს აქვს სიმპტომი და ტესტი არის უარყოფითი, ამ შემთხვევაში შეიძლება დამშვიდების საფუძველი არ ჰქონდეს და მაინც ფრთხილად უნდა მოეკიდოს თავის მდგომარეობას.
თამარ გაბუნიას განცხადებით, თუ სიმპტომები გამოხატულია, სწრაფი ტესტი მარტივად ადგენს დაავადებას.
„თუ მეტად საეჭვო მდგომარეობაა: სიმპოტომი არ არის, კონტაქტია და მიზეზია იმისთვის, რომ PCR-ტესტი ჩატარდეს, ამ შემთხვევაში ექიმი ურჩევს მას, რომ PCR-ტესტი ჩაიტაროს. რა თქმა უნდა, სიმპტომურ შემთხვევაშიც ხდება PCR-ტესტის ჩატარება, მაგრამ სიმარტივისთვის მივმართავთ ანტიგენ-ტესტს, რომელიც სწრაფად გვაძლებს დეტექციის შესაძლებლობას“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, ადრეულ ეტაპზე „ომიკრონი“ შეიძლება, PCR-ტესტმაც ვერ დაადგინოს.
„ადრეული ეტაპია, როცა მაგალითად ადამიანს ჰქონდა კონტაქტი, აქვს სიცხე, მეორე დღეს შესაძლოა, არ გამოუვლინდეს. შედარებით დადებითი, რაც ახასიათებს „ომიკრონს“, ისაა, რომ ის ღრმად არ მიდის ფილტვის ქსოვილში და შედარებით ზედაპირზე რჩება და მისი გავრცელების ეს ხასიათი განაპირობებს იმას, რომ დეტექცია ანუ გამოვლენა ზედა სასუნთქი გზებიდან აღებულ ნიმუშებში, ადრეულ ეტაპზე ვერ ხერხდება. ამიტომ რჩევაა, რომ ტესტი მეორე-მესამე დღეს ჩაიტარონ, რომ დიაგნოზი დავადგინოთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ „იმედთან“ ინტერვიუში.
ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, „ომიკრონი“ შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს.
„ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ.
წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს. ამ დრომდე, ოფიციალურად სპეციალისტებს არ დაუდასტურებიათ, რომ ამ შტამის წინააღმდეგ ახალი ვაქცინაა საჭირო. თუმცა Pfizer-მა 10 იანვარს განაცხადა, რომ „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინა მარტისთვის მზად იქნება.
.