უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, ბაიდენის ადმინისტრაციას მოქმედების 18 სცენარი აქვს მზად

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მოქმედების 18 სცენარი აქვს მზად. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

„მე არ ვაპირებ ახლა ამ სცენარების განხილვას. უბრალოდ ვიტყოდი, რომ ჩვენი ვალდებულება და საუბარი, რომელიც ჩვენ გვაქვს ახლა ჩვენს მოკავშირეებთან, მოიცავს რუსეთისთვის ძალიან მკვეთრი ტკივილის მიყენებას, ძალიან სწრაფად, თუ რუსეთი ამ ნაბიჯს რაიმე ფორმით გადადგამს“, - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.

მისივე თქმით, აშშ-ისა და ევროპის სასანქციო ზომა შეიძლება არ იყოს „იდენტური“.

„ზოგჯერ არის ისეთი რამ, რისი გაკეთებაც ევროპას შეუძლია, რაც ჩვენთვის უფრო რთულია, ზოგჯერ კი პირიქით“, - აღნიშნა ნულანდმა.

ცნობისთვის, 14 იანვარს, CNN-ის მიერ გავრცელებული ცნობით, აშშ ფლობს ინფორმაციას, რომ რუსეთის ამზადებს პროვოკაციას ოპერატიული საქმიანობისთვის სპეციალურად გაწვრთნილი სამხედროებით, რათა შექმნას საბაბი უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის. ეს ინფორმაცია თეთრი სახლის პრესმდივანმაც დაადასტურა.

ასევე წაიკითხეთ: ჯო ბაიდენის მრჩეველი: რუსეთს შეუძლია, უკრაინაში შესაჭრელად ყალბი მიზეზი შექმნას

შეგახსენებთ, 12 იანვარს NATO-მ განაცხადა, რომ მზადაა, ისაუბროს რუსეთთან შეიარაღების კონტროლისა და რაკეტების განლაგების შესახებ, რათა თავიდან აიცილოს ომის რისკი ევროპაში, მაგრამ მოსკოვმა უპასუხა, სიტუაცია „ძალიან საშიშია" და რომ წინსვლის გზა გაურკვეველია. საერთაშორისო მედია წერს, რომ შეერთებული შტატების, მისი მოკავშირეებისა და რუსეთის პოზიციებს შორის უფსკრული ისეთი ღრმაა, როგორც არასდროს.

ბრიუსელში ოთხსაათიანი მოლაპარაკებები, რაც ამ კვირაში უკვე მეორე მცდელობა იყო კრიზისის განმუხტვის, უკრაინის მახლობლად რუსული ჯარების დაგროვებით იყო გამოწვეული. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ალიანსს სურს, მოლაპარაკება გამართოს შეიარაღების კონტროლზე, მაგრამ რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება NATO-ს გაფართოებაზე - მთავარ მოთხოვნაზე, რომელსაც რუსეთი ამბობს, რომ არ დათმობს.

ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის.

ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს.