ენათმეცნიერი, ფილოლოგი მზექალა შანიძე იუბილარია.
„ფასდაუდებელია თქვენი სამეცნიერო ნაშრომები ქართველოლოგიური მეცნიერების განვითარებაში. თქვენ გამორჩეული მეცნიერი ბრძანდებით იმ უდიდესი წვლილის გამო, რომელიც ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი საგანძურის – ხელნაწერთა კვლევისა და გამოცემის საშვილიშვილო საქმეში შეიტანეთ.
დარწმუნებული ვარ, მომავალი თაობები თქვენს სამეცნიერო ნაშრომებს კიდევ უფრო მეტად დააფასებენ. თქვენი სამეცნიერო მოღვაწეობით მაღალი აკადემიური სტანდარტი დააწესეთ, რის გამოც სამაგალითო ბრძანდებით ყველა თაობის მეცნიერისათვის", - ნათქვამია განათლების სამინისტროს მილოცვის ტექსტში.
მზექალა შანიძემ 1948 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი.
1953 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1981 წლიდან). არის 100 სამეცნიერო ნაშრომის, თარგმანებისა და მონოგრაფიების ავტორი. მათ შორის: „ძველი ქართული გრამატიკული ტრაქტატი“ (1990), „ცხოვრება მეფეთ–მეფე დავითისა“ (1992), „ახლადაღმოჩენილ ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა“ (სამენოვანი წიგნის ინგლისური ნაწილის თარგმანი, ათენი, 2005).
1996 წელს მიიღო ღირსების ორდენი, 1990 წელს კი აკაკი შანიძის სახელობის პრემია. 2021 წელს გადაეცა თამარ მეფის ორდენი „ქართველოლოგიის განვითარებაში, ძველი და ახალი ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის, ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის“.