მედიის ცნობით, ჰაკერული ჯგუფი, რომელმაც უკრაინის სამთავრობო უწყებების წინააღმდეგ შეტევა განახორციელა, ბელარუსის დაზვერვასთან არის კავშირში

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის მოადგილე, სერგეი დემედიუკი სამთავრობო ვებგვერდებზე კიბერთავდასხმას ჰაკერების ჯგუფ UNC1151-ს უკავშირებს. ამის შესახებ ის Reuters-თან საუბრობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯგუფი, რომელიც UNC1151-ის სახელითაა ცნობილი, ბელარუსის დაზვერვასთან არის კავშირში.

დემედიუკის ცნობით, ვებგვერდებზე არასანქცირებული წვდომის მოსაპოვებლად, ისეთივე პროგრამული უზრუნველყოფაა გამოყენებული, როგორსაც რუსული დაზვერვა იყენებს.

ჰაკერებმა ათობით უკრაინული სამთავრობო ვებგვერდი 14 იანვარს გატეხეს.

მომხდარს იმავე დღეს გამოეხმაურა NATO-ს გენერალური მდივანი. იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გარღმავების მიზნით, მალე უკრაინასთან შეთანხმება გაფორმდება.