საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით,100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წელს ტექნიკური უნივერსიტეტის VI კორპუსის სრული რეაბილიტაცია დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ტექნიკურ უნივერსიტეტში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დიდი თანადგომით, დღეს დაფუძნდა „ჰორიზონტი ევროპის“ ოფისი, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის ქართველი მეცნიერების შესაძლებლობებს, სრულად მოახდინონ სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის რეალიზაცია.
„ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია უმაღლესი და პროფესიული განათლების საფეხურების მჭიდროდ დაკავშირება. უნივერსიტეტის წიაღში პროფესიული განათლების განვითარება ხელს შეუწყობს განათლების უწყვეტობის პრინციპის განხორციელებას. რაც მთავარია, ეს არის ის, რაც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ეკონომიკას განვითარების დღევანდელ ეტაპზე ყველაზე მეტად სჭირდება. ამიტომ, მისასალმებელია, რომ სამინისტროსა და უნივერსიტეტის თანამშრომლობით მალე გაიხსნება ნიკო ნიკოლაძის სახელობის აგრარული კოლეჯი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მთავრობა უკვე შეუდგა საქართველოს განვითარების ათწლიანი გეგმის განხორციელებას. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ორიენტირებული ვართ განვითარების გრძელვადიან, მდგრად, ინკლუზიურ პროცესზე, რომელმაც ეკონომიკის გაძლიერება, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა უნდა უზრუნველყოს. მჯერა და ველით, რომ ამ პროცესშიც ტექნიკური უნივერსიტეტი წამყვან როლს შეასრულებს.
რა თქმა უნდა, ყველა მიღწევისა და წარმატების უკან თქვენი - მეცნიერების, პედადოგების, სპეციალისტებისა და სტუდენტების დიდი შრომა დგას, და მომავალი წარმატებების უმთავრესი გარანტიც სწორედ თქვენ ხართ. დაბოლოს, მინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის VI კორპუსის სრული რეაბილიტაცია დაიწყება. მადლობას გიხდით ამ შრომისათვის, კიდევ ერთხელ გილოცავთ იუბილეს და გისურვებთ წარმატებებს”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.