17-18 იანვარს, ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელს ეწვევა, სადაც შეხვედრებს NATO-ს შტაბ-ბინასა და ევროკავშირში გამართავს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ორმხრივ შეხვედრას გამართავს NATO-ს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგთან. ამავე დღეს გაიმართება არაფორმალური შეხვედრა NATO-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან.
„შეხვედრების მთავარ მიზანს წარმოადგენს NATO-სა და რუსეთის ფედერაციას შორის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით დაწყებულ დიალოგის ფარგლებში მოკავშირეებთან კონსულტაციების გამართვა. შეხვედრებზე ასევე განხილულ იქნება ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკა და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების კუთხით არსებული გართულებული გარემო.
წლის დასაწყისშივე NATO-ს შტაბ-ბინაში დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტი NATO--საქართველოს თანამშრომლობის განსაკუთრებული ურთიერთობების კიდევ ერთი დასტურია და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ასპირანტ საქართველოს NATO--ს დღის წესრიგში საგულისხმო ადგილი უკავია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.