კოვიდტესტირების საჭიროების მქონე მოქალაქეთა საყურადღებოდ, NCDC განცხადებას ავრცელებს

კოვიდტესტირების საჭიროების მქონე მოქალაქეთა საყურადღებოდ, NCDC განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ტესტირება COVID19-ის პანდემიის მართვის აუცილებელი კომპონენტია, რადგან მნიშვნელოვანია ინფიცირებულთა დროული გამოვლენა, იზოლირება, გადაცემის ჯაჭვის გაწყვეტა და ინფექციის გავრცელების შეკავება; ომიკრონის შტამის გავრცელების პირობებში, გაზრდილია ტესტირებაზე მოთხოვნა.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ინფიცირებულთა გამოვლენისათვის მნიშვნელოვანია როგორც PCR კვლევა (ტესტირების ოქროს სტანდარტი), ასევე ანტიგენის სწრაფი ტესტირება საქართველოში ბოლო 7 დღის მანძილზე ჩატარებულია 372.981 ტესტი, ტესტირებისადმი ყოველდღიური მიმართვიანობის საშუალო დღიური რაოდენობა დაახლოებით 53%-ით მეტია წინა 7 დღის განმავლობაში ჩატარებული ტესტების რაოდენობასთან შედარებით.

საჭიროებისას, მოქალაქეებმა ტესტირებისთვის უნდა მიმართონ სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც უფასოდ ჩაუტარდებათ ტესტირება ანტიგენის სწრაფი ტესტით; უსიმპტომო პაციენტებს, ვისაც ანტიგენის სწრაფი ტესტით დაუდასტურდებათ COVID-19 ინფექცია, ასევე სიმპტომიან პაციენტებს რომლებსაც ანტიგენის სწრაფი ტესტით არ დაუდასტურდებათ COVID-19 ინფექცია, დამატებითი ტესტირება PCR მეთოდით ჩაუტარდებათ ოჯახის ექიმის დასკვნის საფუძველზე. ოჯახის ექიმთან კონსულტაციის გავლა შესაძლებელია ტესტირების პუნქტში შესაბამისი სერვისის არსებობის შემთხვევაში, ან ონლაინ კლინიკის ოჯახის ექიმებთან სატელეფონო კომუნიკაციის გზით; მნიშვნელოვანია, რომ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, COVID-19 ინფიცირების სტატუსის დადასტურების მიუხედავად, მოქალაქეებმა უნდა დაიცვან ქვეყანაში არსებული იზოლაციის წესები, რათა არ გახდნენ როგორც აღნიშნული, ასევე სხვა რესპირატორული ინფექციების გავრცელების წყარო“, - აღნიშნულია განცხადებაში.