სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების მიერ გაფიცვის დაანონსების შემდეგ, სააგენტო ხელფასების ზრდის შესახებ იუწყება

საქართველოს მასშტაბით, სოციალური აგენტების და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების ხელფასები თებერვლიდან გაიზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„ბოლო თვეების განმავლობაში სოციალური მომსახურების სააგენტოში გამართული აქტიური კონსულტაციების შედეგად მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 60 %-მდე იზრდება. კერძოდ, 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტის კი - 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი. ასევე, ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ.

ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დაბალი და საშუალო რგოლის 1000-ამდე თანამშრომელს შრომის ანაზღაურება 40%-დან 60 %-ამდე გაეზრდება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს პრიორიტეტი მოსახლეობისთვის სოციალური სერვისების შეუფერხებლად მიწოდებაა. ამ მიზნით გრძელდება სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობა როგორც ორგანიზაციული, ასევე სტრუქტურული ცვლილებების კუთხით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც ცნობილია, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა 17 იანვრიდან გაფიცვის გადაწყვეტილება მიიღეს.

სოლიდარობის ქსელის იურისტის, დავით თომსარაშვილის განცხადებით, ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნაა ხელფასების 100%-ით მატება, იქედან გამომდინარე, რომ „ეს ადამიანები წლების განმავლობაში მუშაობენ ისეთ ხელფასზე, რომლითაც არსებობა შეუძლებელია“.

„ზოგიერთ შემთხვევაში იღებენ უფრო დაბალ ანაზღაურებას, ვიდრე სოციალურად დაუცველი ადამიანები იღებენ დახმარებას. ეს ადამიანები ითხოვენ ტრანსპორტის ხარჯებს. მათ უწევთ გადაადგილება საქართველოს მასშტაბით და თავისი ჯიბიდან უწევთ ტრანსპორტის ხარჯების გადახდა. ასევე, პროფკავშირი ითხოვს კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებას. ითხოვენ, რომ ყოველწლიურად მათი ხელფასი ინფლაციასთან მიმართებით გაიზარდოს. ასევე, ეს ადამიანები ითხოვენ ღირსეულ სამუშაო პირობებს, როგორიცაა დაზღვევა და ასე შემდეგ. დაახლოებით 12 წელია, ამ ადამიანების ხელფასი არის უცვლელი. სოციალური აგენტების ფიქსირებული ხელფასი ეს არის 200 ლარი ხელზე ასაღები და შემდგომ გამომუშავებით. სამწუხაროდ, მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, როცა შევიტყვეთ, რომ მინისტრი გადადგა. ვითხოვდით კომუნიკაციას, თუმცა ამის შემდგომ კომუნიკაცია ფაქტობრივად შეწყდა", - განაცხადა სოლიდარობის ქსელის იურისტმა, დავით თომსარაშვილმა.