ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის თქმით, NATO-რუსეთის კომისიის სხდომის შემდეგ ბრიუსელში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია და ადასტურებს იმას, რომ NATO-ელი პარტნიორები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ საქართველოს.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, NAETO-ში დაგეგმილ შეხვედრებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამომავლო კოორდინაციის და ერთობლივი საქმიანობის თვალსაზრისით და თუ რა ნაბიჯები უნდა იქნას გადადგმული, მათ შორის მადრიდის სამიტის წინ, იმისთვის, რომ საქართველოს მიზნები, რაც უკავშირდება NATO-ში გაწევრიანებას, რეალიზდეს.
"ჩვენი NATO-ელი პარტნიორები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ჩვენს ქვეყანას და გადაწყვეტილებები საქართველოსთან მიმართებაში არავითარ შემთხვევაში არ მიიღება საქართველოს გარეშე. მე დამიდასტურეს სატელეფონო საუბრების დროს, როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ისე NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ და დარწმუნებული ვარ, რომ იგივე იქნება დადასტურებული დღევანელ შეხვედრაზე ელჩებთან. ჩემთვის, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა, მათგან, უშუალოდ პირველწყაროსგან მოვისმინო, თუ რაზე იყო საუბარი NATO-რუსეთის კომისიის სხდომაზე, თუმცა ის შინაარსი საუბრებისა, რომელიც მე მქონდა NATO-ს მაღალჩინოსნებთან მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ რუსეთის ფედერაციას ძალიან მკაფიოდ განუცხადეს ჩვენმა NATO-ელმა პარტნიორებმა, რომ არ იქნება არანაირი რევიზია 2008 წლის ბუქრესტის სამიტის გადაწყვეტილების, რომ საუბარი საერთოდ არ შეიძლება იყოს გავლენის სფეროებზე და რომ NATO-ს გაფართოების საკითხი არის უშუალოდ იმ ქვეყნის საქმე, ვისაც სურს NATO-ში გაწევრიანება და ნატოს გადასაწყვეტი“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გაიმართა NATO-რუსეთის საბჭოს შეხევდრა, სადაც იყო მსჯელობა გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე.
ასევე წიაკითხეთ: დავით ზალკალიანი: ბრიუსელში NATO-ს მიწვევით ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია