ჯანდაცვის მინისტრი სანატორიუმ „ქართლში“ კაცის გარდაცვალებაზე: ეს არის უბედური შემთხვევა და დევნილების პრობლემასთან ნუ დავაკავშირებთ

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, სანატორიუმ ქართლში მომხდარი უბედური შემთხვევაა და მას დევნილების პრობლემასთან კავშირი არ აქვს. ამის შესახებ მინისტრმა მედიასთან განაცხადა.

„ეს არის უბედური შემთხვევა, რაც სამწუხაროდ, მოხდა და ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. რაც შეეხება სანატორიუმ „ქართლის“ და დევნილებთან დაკავშირებულ პრობლემებს, ამასთან დაკავშირებით, ჩემი მისვლის პირველივე დღიდან იმართება კონსულტაციები და ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, როგორ უნდა უზრუნველვყოთ ბინით 13000 ოჯახი“, - განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება შეკითხვას, თუ რატომ არ შეხვდა პირადად მინისტრი ადგილობრივებს. მინისტრმა უპასუხა, რომ ამ საკითხს მისი მოადგილე კურირებს.

„ამ მიმართულებას ჰყავს კურატორი, ჩემი ახალი მოადგილე, რომელსაც აქვს სრული მანდატი ჩემი მხრიდან, რომ აღნიშნულ საკითხებზე იმუშაოს როგორც დევნილებთან, ასევე მენაშენეებთან, აქედან გამომდინარე, იგი შეხვდა მათ, გაეცნო პრობლემებს გააცნო, პრიორიტეტები და ვფიქრობ, რომ შეთანხმდნენ დეტალებზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დაპირებები ზედმიწევნით შესრულდეს“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.