ლაშა დარსალია: სტოლტენბერგთან შეხვედრის დროს კონკრეტული თანამშრომლობის ნაბიჯები უნდა განვიხილოთ

მიმოვიხილეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, მოლაპარაკების პროცესები, სხვადასხვა ფორმატი, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, რა სახის როლი იქნება პარტნიორების მხრიდან, რომ მეტად გაძლიერდეს საქართველოს პოზიციები ამ მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ ბრიუსელში NATO-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სტოლტენბერგთან შეხვედრაზე განხილული უნდა იქნას კონკრეტული თანამშრომლობის გეგმები და ნაბიჯები, რომლებიც მეტად დააახლოებს საქართველოს საბოლოო მიზანს.

„მოგეხსენებათ, რუსეთის ფედერაციამ მკაფიოდ გამოხატა თავისი პოზიცია სხვადასხვა ფორმატში, განსაკუთრებით გასული წლის ბოლოს გაჟღერებულ ორ წერილში, რომელიც პირდაპირ იყო მიმართული სუვერენიტეტის პრინციპის წინააღმდეგ, კონკრეტულად საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტის წინააღმდეგ. პირდაპირ იყო მიმართული საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ის გზავნილები, რომლებსაც როგორც საჯარო, ისე დახურული შეხვედრების დროს ჩვენი პარტნიორები ავრცელებენ, რომ მკაფიო წითელი ხაზებია, რომლებიც ეხება საქართველოს სუვერენიტეტას და ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველოს არჩევანს, გახდეს NATO-ს წევრი და რომ არც ერთი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება საქართველოს, არ იქნება საქართველოსგან დამოუკიდებლად. ეს არის მთავარი ხაზი. ყველა შეხვედრაზე ისმის კონკრეტული მსჯელობები, რა ნაბიჯები უნდა გადადგან საქართველომ და პარტნიორებმა არსებულ ვითარებაში. მიმოვიხილეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, მოლაპარაკების პროცესები, სხვადასხვა ფორმატი, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, რომლებიც მიმდინარეობს, რა სახის, როგორი როლი იქნება პარტნიორების მხრიდან, რათა მეტად გაძლიერდეს საქართველოს პოზიციები ამ მიმართულებით“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.