"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გარშემო პროცესი ძალიან სწრაფად წარიმართა, რაც შესაბამისი განხილვის საშუალებას არ იძლეოდა, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს შეკითხვები" , - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ელჩი აცხადებს, შეხვედრაზე ბევრი განსხვავებული საკითხი განიხილეს, მათ შორის იყო დისკუსია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თაობაზეც.
„ვისაუბრეთ პარლამენტში ბოლო დროს განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით, იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც გასულ თვეში, ჩემი არყოფნის დროს მოხდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საკითხთან დაკავშირებით, ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით და ასევე „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით. ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით და მე გამოვხატე ინტერესი, თუ როგორ წარიმართება პროცესი მომავალში წარსულში ნასწავლი გაკვეთილებისა და საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების გათვალისწინებით“, - აღნიშნა ელჩმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის“ გაუქმების შესახებ კანონს ხელი მოაწერა
ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ 26 დეკემბერს განაცხადა, რომ უწყების მოსალოდნელი გაუქმების შესახებ ინფორმაცია მედიით შეიტყო. გადაწყვეტილებას მოჰყვა ამერიკის ელჩის კრიტიკა, რომელიც 27 დეკემბერს შეხვდა სახელმწიფო ინსპექტორს.
ამასთან, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. რაც შეეხება მმართველი პარტიის პოზიციას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, საუბარია ინსტიტუციურ რეფორმაზე და „ლონდა თოლორაიას მიმართ გუნდში არანაირი პრობლემა არ აქვთ“.
ასევე წაიკითხეთ: ამერიკის ელჩმა კომიტეტების თავმჯდომარეებს ორ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით პროცესის გადადებისკენ მოუწოდა