"დავით ზალკალიანის NATO-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრა არის კარგი ნიშანი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს მოსაზრებები რუსეთთან დაკავშირებით შესაბამისი პასუხის მოფიქრებისთვის", – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
კელი დეგნანის თქმით, აშშ და მისი ევროპელი მოკავშირეები მჭიდრო კოორდინაციაში არიან ერთმანეთთან, ისევე, როგორც უკრაინასთან და საქართველოსთან, რათა უპასუხონ ევროპული არქიტექტურის არსებულ საფრთხეს.
„ევროპული არქიტექტურის მშენებლობისთვის ჩვენ დიდი ინვესტიცია ჩავდეთ ბოლო 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. გავაგრძელებთ მჭიდრო კოორდინაციასა და კომუნიკაციას. საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანის შეხვედრა NATO-ს გენერალურ მდივანთან, სტოლტენბერგთან და მოკავშირეებთან არის კარგი ნიშანი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს მოსაზრებები რუსეთთან დაკავშირებით შესაბამისი პასუხის მოფიქრებისთვის.
გასულ კვირაში ჩვენ ვნახეთ სერიოზული შეხვედრები ჟენევაში, ბრიუსელში და ვენაში, სადაც რუსეთს მიეცა შესაძლებლობა, აეხსნა მისი შეშფოთებები. ძალიან მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ სწორედ რუსეთმა შექმნა უსაფრთხოების ეს კრიზისი ევროპის ზღურბლზე. სწორედ რუსეთია, რომელმაც მიიყვანა ჯარები მეზობელი სუვერენული ქვეყნების საზღვრებთან; რუსეთია, რომელსაც აქვს ოკუპირებული სუვერენული ქვეყნების ტერიტორიები აქ, საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვაში; რუსეთია, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ცდილობს, დარტყმა მიაყენოს მშვიდობას, სტაბილურობასა და ეკონომიკურ ზრდას, რომლითაც სარგებელს ყველა ქვეყანა იღებს. ჩვენ ღია ვართ შეხვედრისთვის და მოსმენისთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
ასევე წაიკითხეთ: დავით ზალკალიანი NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდა