აფრიკის დასახლებაში ნაწილი სოციალურად დაუცველია, ნაწილი კი სხვა ქონებასაც ფლობს - თბილისის მერი

თბილისის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, გუშინ აფრიკის დასახლებაში 12 მშენებარე შენობა-ნაგებობის დემონტაჟის პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი მფლობელების ნაწილი, სხვა ქონებასაც ფლობს.

მერის თქმით, ადგილზე ცხოვრობენ სოციალურად დაუცველებიც, გაჭირვებული ადამიანებიც და ამას არავინ უარყოფს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც მიწების მიტაცებით ცდილობენ „ხელები მოითბონ“.

„ამ საკითხს ბოლომდე ჩავყვებით და არავის ეგონოს, რომ დანაშაული არ გამოვლინდება. გაგაცნობთ კონკრეტულ მოქალაქეებს:

მოქალაქე ტ.ხ-ს ქარელის რაიონის სოფელ დირბში რეგისტრირებული აქვს 600 კვადრატული მეტრის ოდენობის ქონება.

მოქალაქე შ.ჯ, მცხოვრები სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირში, ფლობს 4 მსუბუქ ავტომობილს. მამას რეგისტრირებული აქვს 6000 კვ მეტრი სახნავ-სათესი მიწა.

მოქალაქე დ.შ, მცხოვრები ქალაქ თბილისში, გურამიშვილის ქუჩაზე ფლობს ბინას, ასევე მამას უფიქსირდება გურამიშვილზე სამი ბინა. ოჯახი ხარაგაულში სოფელ ლეღვანში ფლობს 1255 კვ მიწის ნაკვეთს.

მოქალაქე დ.ტ თბილისში ქიზიყის ქუჩაზე ფლობს ბინას, დედას აქვს სოფელ ჯიმითში 3302 კვ მეტრი მიწის ნაკვეთი.

მოქალაქე ვ.ფ თბილისში, გუგუშვილის ქუჩაზე ფლიბს 600 კვადრატული მეტრ ბინის ფართს.

მოქალაქე გ.მ თბილისში ნავთლუღის დასახლებაში ფლობს სახლს. მამას აქვს 568 კვ მეტრი ფართი ნავთლუღის დასახლებაში.

მოქალაქე ნ.ბ რეგისტრირებულია კასპში, მამას აქვს კავთისხევში 1300 კვ მეტრი ნაკვეთი. დედა რეგისტრირებულია ინდმეწარმედ.

ამ ფაქტებს სჭირდება სრულუყოფილოი მოკვლევა, სიღრმეებში შესვლა და ამას აუცილებლად გავაკეთებთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გაჭირვება მეც გამოვიარე, მაგრამ არასოდეს მომსვლია აზრად, ვინმესთვის რამე მომეპარა, მით უმეტეს სახელმწიფოსთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე, თბილისის მერი გამოეხმაურა პარლამენტის წევრ სოზარ სუბარის წინასაარჩევნო დაპირებას, რომელიც მოქალაქეებს ფართების დაკანონებას ჰპირდებოდა. კახა კალაძის განმარტებით, ეს იყო დაპირება, რომელიც სრულდება, თუმცა არ ეხება ახლა, უკანონოდ მიწების მიტაცების დამტკიცებას. მერის თქმით, საქმე ეხება სახლებს, სადაც ადამიანები უკვე ათობით წელია ცხოვრობენ და დღესაც 32 ასეთ ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცემა.