ევროკავშირის ელჩი: ხვალ სახალხო დამცველის სამედიცინო გუნდმა უნდა წარადგინოს ანგარიში ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია

"მიხეილ სააკაშვილის საქმეს თავიდანვე ყურადღებით ვაკვირდებით" - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისი თქმით, ხვალ სახალხო დამცველის სამედიცინო გუნდმა უნდა წარადგინოს ანგარიში ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია მდგომარეობის შესაფასებლად.

„ჩვენ ხვალ ველოდებით სახალხო დამცველის სამედიცინო გუნდის ანგარიშს და ძალიან მნიშვნელოვანია, რა იქნება ამ ჯგუფის შეფასებები, ვინაიდან ობიექტური სამედიცინო რეკომენდაციის გათვალისწინება მნიშვნელოვანი ფაქტორია იმ დროს, როდესაც აფასებ, თუ როგორია სიტუაცია და რისი გაკეთებაა საჭირო მომავალში,“- აღნიშნა ელჩმა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.