არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილების უსაფრთხო და ღირსეულ პირობებში განსახლების უზრუნველსაყოფად სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ სანატორიუმში მომხდარი ტრაგედია ხელისუფლების „უმოქმედობის და უნდობლობის პოლიტიკის შედეგია“.
განცხადებას ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ: „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“; „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI); „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ (HRC); „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია); „ღია საზოგადოების ფონდი“; „უფლებები საქართველო“; ქალთა ფონდი „სოხუმი“; „საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“.
„ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით სანატორიუმი „ქართლის“ შენობაში მცხოვრები დევნილების პროტესტს და 16 იანვარს ადგილზე მომხდარ უმძიმეს ტრაგედიას და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას სწრაფი რეაგირებისკენ, დევნილების უსაფრთხო და ღირსეულ პირობებში განსახლების უზრუნველსაყოფად.
მიგვაჩნია, რომ სახელმწიფომ უგულებელყო საფრთხის შემცველ გარემოში დევნილთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის ვალდებულება და 16 იანვარს ადგილზე მომხდარი ტრაგედია სწორედ უმოქმედობის და უნდობლობის პოლიტიკის შედეგია.
სანატორიუმი ქართლის შენობაში მცხოვრები დევნილების პროტესტი მედია და პოლიტიკურ დღის წესრიგში განსაკუთრებული სიმწვავით 16 იანვარს დადგა, როცა 52 წლის დევნილმა კაცმა, ზურაბ ჭიჭოშვილმა პროტესტის ნიშნად ადგილზე თავი მოიკლა.
უკვე რამდენიმე წელია სანატორიუმ "ქართლის" შენობაში მცხოვრები დევნილები აპროტესტებენ აქ არსებულ მძიმე საცხოვრებელ პირობებს. შენობაში ამ დროისთვის 140-150 ოჯახი სახლობს. ისინი აქ აფხაზეთის ომის შემდეგ, 29 წლის წინ ჩასახლდნენ. დევნილების თქმით, შენობა არ არის უსაფრთხო, ავარიულია და ნელ-ნელა იშლება. ადგილობრივების თქმით, შენობა უკვე ორად არის გაყოფილი და არამყარია მისი საძირკველიც, სადაც წყლის დაგროვების ნიშნები ჩანს. 2015 წელს ჩატარებული ბოლო ექსპერტიზა აჩვენებს, რომ შენობა ცხოვრებისთვის უვარგისია. თუმცა 6 წლის შემდეგაც დევნილების განსახლება სახელმწიფომ არ უზრუნველყო.
დევნილების თქმით, ისინი პერიოდულად აქციებს მართავდნენ, თუმცა უშედეგოდ. ბოლო აქცია მათ 2021 წლის დეკემბერში დაიწყეს და 2022 წლის 10 იანვარს განაახლეს, როცა დერეფნებში კედლის ნაწილი ისევ ჩამოიშალა. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შიშების და წუხილის გამო, დღესაც შენობაში მცხოვრები დევნილების ნაწილი, განსაკუთრებით ბავშვები და ხანდაზმულები, მთელ დღეს კორპუსის გვერდით მდებარე დარბაზში ატარებს. მათი ნაწილი ღამითაც კი ამ სივრცეში რჩება, რომელიც მხოლოდ ერთი შეშის ღუმელით თბება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ასევე წაიკითხეთ: რა ვითარებაა სანატორიუმ „ქართლთან“, სადაც ადგილზე მცხოვრები დევნილი გარდაიცვალა