აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სატელეფონო საუბარი გამართეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

„მხარეებმა სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგის, NATO-რუსეთის საბჭოსა და ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომები განიხილეს. სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა დიპლომატიური გზის გაგრძელების მნიშვნელობას უკრაინაში და მის მახლობლად რუსული სამხედრო ძალების ღრმად შემაშფოთებელი აქტიურობით გამოწვეული დაძაბულობის განმუხტვისთვის.

სახელმწიფო მდივანმა კვლავ დაადასტურა აშშ-ის ურყევი ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპის უსაფრთხოების შესახებ ნებისმიერი დისკუსია უნდა მოიცავდეს ნატოს მოკავშირეებსა და ევროპელ პარტნიორებს, მათ შორის უკრაინას“, - ნათქვამია განცხადებაში.