გერმანიაში ვიზიტით მყოფმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთს დეესკალაციისკენ მოუწოდა

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ბერლინში ვიზიტის დროს, გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს NATO-სა და გერმანიის წამყვანი როლისადმი მტკიცე ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა.

გერმანიის კანცლერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ NATO მზადაა რუსეთთან დიალოგის გასაგრძელებლად, მაგრამ ევროპული უსაფრთხოების ძირითად პრინციპებზე კომპრომისზე არ წავა. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ევროპაში კონფლიქტის რისკი რეალური რჩება რუსეთის მიერ უკრაინასა და მის ირგვლივ სამხედრო („აუხსნელი და გაუმართლებელი“) გაძლიერების გამო.

„NATO-ს მოკავშირეები მოუწოდებენ რუსეთს დეესკალაციისკენ. ნებისმიერი შემდგომი აგრესია მოსკოვს მაღალი ფასი დაუჯდება“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ NATO მზადაა რუსეთთან დიალოგის გასაგრძელებლად. „დღეს მე მოვიწვიე NATO-რუსეთის საბჭოს ყველა წევრი შეხვედრების სერიაზე“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მანვე დაამატა, რომ მოკავშირეები მზად არიან, განიხილონ მთელი რიგი საკითხები რუსეთთან, მათ შორის სამხედრო და სამოქალაქო კომუნიკაციების ხაზების გაძლიერება, რისკების შემცირება და გამჭვირვალობის გაძლიერება სამხედრო აქტივობებთან დაკავშირებით, ისევე როგორც სივრცისა და კიბერ საფრთხეების შემცირება.

„კონფლიქტის რისკი რეალურია. NATO-ს მოკავშირეები რუსეთს დეესკალაციისკენ მოუწოდებენ. ნებისმიერი შემდგომი აგრესია მოსკოვს ძვირი დაუჯდება. NATO თავდაცვითი ალიანსია, რომელიც არ ემუქრება რუსეთს და არცერთ სხვა ქვეყანას. ჩვენ ორმხრივი მიდგომის ერთგულნი ვრჩებით: ძლიერი შეკავება და თავდაცვა დიალოგთან ერთად. ახლა მთავარი ამოცანა უკრაინაზე სამხედრო თავდასხმის აღკვეთაა. სწორედ ამიტომ ვუგზავნით ძალიან მკაფიო გზავნილს რუსეთს, რომ თუ ისინი კიდევ ერთხელ გადაწყვეტენ უკრაინის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას, ეს რუსეთს ძვირი დაუჯდება. NATO-ს მოკავშირეები უკრაინას მხარს უჭერენ. რა თქმა უნდა, უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება, როგორც ყველა სუვერენულ ქვეყანას. როდესაც დაძაბულობა მაღალია, დიალოგი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია”, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა და დაამატა, რომ მოკავშირეები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ იპოვონ წინსვლის პოლიტიკური გზა. ბერლინში ვიზიტის დროს გენერალური მდივანი ასევე შეხვდება თავდაცვის მინისტრს ქრისტინ ლამბრეხტს და მონაწილეობას იღებს Körber Stiftung-ის მიერ ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაში.