პაატა იმნაძე: „ომიკრონს“ ძალიან ნუ გავუშინაურდებით

„ომიკრონს“ ძალიან ნუ გავუშინაურდებით - უფროსი თაობა ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში.

NCDC-ის დირექტორის მოადგილის თქმით, „ომიკრონი“ ახალგაზრდა ადამიანებსა და ვაქცინირებულებს შედარებით მსუბუქად გადააქვთ, თუმცა კვლევების მიხედვით, ეს შტამი „უჯრედულ იმუნიტეტის სისტემას ურტყამს, რამაც შესაძლოა გვიანი უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს“.

„ომიკრონს“ ძალიან ნუ გავუშინაურდებით. მსუბუქად მიმდინარეობს ახალგაზრდებში ან აცრილებსა და „დაბუსტულებში“. აქედან გამომდინარე, არ ვიცით, „ომიკრონი“ როგორ მოიქცევა ხანდაზმულ პოპულაციაში, რომელიც აუცრელია. გამოქვეყნდა გარკვეული შრომები, რომლებიც მიუთითებენ, რომ „ომიკრონი“ ტელიფოციტების სისტემაზე ურტყამს, ესაა უჯრედული იმუნიტეტის სისტემა, სწორედ ამას ურტყამს „ომიკრონი“ და ამან შესაძლოა გვიანი უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს. თავი დავიცვათ „ომიკრონისგან“, როგორც ვიცავდით თავს „დელტასგან“. ბუნებრივი იმუნიტეტის იმედად ნუ ვიქნებით, ავიცრათ, „დავიბუსტოთ“ და სადაც საჭიროა, ყველგან, პირბადე ვატაროთ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

რამდენად არის საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამების წარმოქმნის შესაძლებლობა, იმნაძე ამბობს, რომ ამის ალბათობა დაბალია.

„საქართველოში ახალი მუტაციების წარმოქმნის შანსი დიდი არ არის იმიტომ, რომ ჩვენი პოპულაცია საკმაოდ პატარაა იმისთვის, რომ ახალი მუტაცია წარმოიშვას. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამის ალბათობა დაბალია. მთავარია, რომ აცრილები ვიყოთ, რათა კორონამ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მოგვაყენოს და რაც მთავარია, მივაღწიოთ იმ პერიოდამდე, როდესაც ფართოდ ხელმისაწვდომი გახდება ანტივირუსული საშუალებები. ახალიც უკვე იქმნება და კიდევ მიდის მუშაობა. მთავარია, რომ ადამიანები არ იღუპებოდნენ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, „ომიკრონი“ შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს.

„ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ.

წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს.