ადვოკატი: შარლ მიშელმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიხეილ სააკაშვილს წერილი გამოუგზავნეს

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის გიორგი მშვენიერაძის ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის წერილი გადასცა.

,,მიხეილ სააკაშვილს გადავეცი წერილი, რომელიც მას გუშინ გადმოუგზავნეს შარლ მიშელისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის კაბინეტიდან. აღნიშნულ წერილში განსაკუთრებულ ყურადღებას გამოხატავენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის და საქართველოს ხელისუფლებას მკაცრად შეახსებენ ვალდებულებებს, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით არის დამტკიცებული. ამავდროულად ისინი გააგრძელებენ დაკვირვებას მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის, საუბარია სამართლიანი სასამართლოს განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და აღნიშნავენ, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელება არის ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს. ეს წერილი გუშინ გადმომეგზავნა კარლ ჰარცელის სახელით როგორც სააკაშვილის ადვოკატს”, - აღნიშნა გიორგი მშვენიერაძემ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.