საქართველოს პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი დარეგისტრირდა

საქართველოს პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი დარეგისტრირდა.

პარლამენტის ადამიანი უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, კანონპროექტი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და შესაბამისი სასჯელისგან იმ პირთა განთავისუფლებას ითვალისწინებს, რომელთაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს ამ კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულები.

მისივე განმარტებით, კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული ისეთი დანაშაულებისთვის, როგორიცაა მკვლელობა ან ოჯახური ძალადობა.

„ამნისტიის წარმოდგენილი ინიციატივა გულისხმობს რამდენიმე პრინციპულ მიდგომას, რომლის მიხედვითაც: 1. იმ დანაშაულების შემთხვევაში, რომელიც მითითებულია კანონპროექტში და, რომელიც დაკავშირებულია დაზარალებულისთვის ქონებრივი ზიანის მიყენებასთან, ასეთ შემთხვევაში სასჯელისგან განთავისუფლებისთვის სავალდებულო წინაპირობა იქნება ზიანის ანაზღაურება, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში - დაზარალებულის თანხმობა; 2. ცალკეულ შემთხვევებში გათვალისწინებულია წინაპირობად ასევე ნასამართლობის არქონა. 3. გათვალისწინებულია აგრეთვე ხანდაზმული, 2012 წლის 1 ოქტომბრამდე შეფარდებული სისხლის სამართლის ჯარიმისგან პირთა გათავისუფლება. წარმოდგენილი კანონპროექტი, ზემოაღნიშნული მიდგომების მიხედვით მოიცავს საკმაოდ დიდ ჩამონათვალს დანაშაულებისა, რომელიც დაექვემდებარება ამნისტიას. ეს არის ქურდობა, ფალსიფიკაცია, ქონების დაზიანება, სხეულის დაზიანების ზოგიერთი კატეგორია და ა.შ. ამნისტია შეეხება სულ 44 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს. ამ საკანონმდებლო პროექტის ინიცირებით, ჩვენ ვხსნით კონსულტაციებს დაინტერესებულ მხარეებთან, რომლის მიმდინარეობის პროცესშიც შესაძლებელი იქნება განსხვავებული მოსაზრებების მოსმენა მისაღები კანონის საბოლოო რედაქციის შესამუშავებლად“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, ინიციატივა ასევე ეხება ნარკოდანაშაულებს, გარდა გასაღების დანაშაულისა და იმ ადამიანებს, რომლებსაც უვადო პატიმრობა აქვთ მისჯილი.

„საგანგებოდ ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ჩვენ არ დაგვიწყებია ის ადამიანები, რომელთაც შეფარდებული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა და რომლებიც 15, 20 და ზოგიერთი მათგანი 25 წელია, რაც სასჯელს იხდის საპატიმროებში. შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულ პირებს, რომლებსაც შეფარდებული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა (და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით დღეისათვის ასეთი სამი პირი იხდის სასჯელს საქართველოს საპატიმროებში), სასჯელის სახე გარდაექმნათ ვადიან თავისუფლების აღკვეთად, რომელიც განისაზღვრება 20 წლით და ამის შემდგომ მათ ექნებათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გაუმჯობესებული, შედარებით შეღავათიანი პირობებით სარგებლობის შესაძლებლობა. რაც შეეხება სხვა დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირებს, რომელთაც შეფარდებული აქვთ უვადო თავისუფლები აღკვეთა, მათთან მიმართებაში დღეს მოქმედი კანონმდებლობა სასჯელის შეცვლის, შემსუბუქების საკმაოდ არამკაფიო დებულებებს შეიცავს. ამის გათვალისწინებით, ჩვენი დღევანდელი საკანონმდებლო ინიციატივა გულისხმობს აგრეთვე უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირისთვის სასჯელის შეცვლის პროცედურების მნიშვნელოვან რეფორმას. კერძოდ, მათთვის შეიქმნება თავისუფლებისათვის მომზადების სპეციალური პროგრამა, რაც კანონით დადგენილ ვადაში, მოსამართლეს ინფორმირებული და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას მისცემს. ასეთი მიდგომა ხელს შეუწყობს უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირებისთვის რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პერსპექტივების შექმნას. ასევე ეს წარმოადგენს ევროპულ სტანდარტს უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირების უფლებების დაცვის კუთხით. რასაკვირველია, ამ დროს მნიშვნელოვანი იქნება დაზარალებული მხარის უფლებებიც. კანონპროექტთან დაკავშირებით ოფიციალური პროცედურები დაწყებულია და უახლოეს დღეებში მას იხილავს საზოგადოება. როგორც აღინიშნა, ეს ინიციატივა წარმოადგენს საფუძველს დისკუსიებისა და კონსულტაციების დასაწყებად. დიდი იმედი გვაქვს, რომ საპარლამენტო განხილვების პროცესში შევძლებთ, რომ მაქსიმალურად იქნას დაცული საზოგადოების უსაფრთხოებისა თუ სისხლის სამართლის პოლიტიკის სხვა მნიშვნელოვანი პრინციპები, რათა ამით შესაძლებელი გახდეს, რომ შევძლოთ სისხლის სამართლის ასევე ფუნდამენტური პრინციპის – ჰუმანიზმის აქტის განხორციელება ამ გზით, როგორც ეს წარმოდგენილია განსახილველი კანონპროექტით“, – განაცხადა სარჯველაძემ, რომლის განმარტებითაც, ამნისტიის კანონპროექტი სავარუდოდ, ასეულობით პატიმარს შეეხება.