უკრაინის სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრს თხოვნით მიმართა

უკრაინის სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამ საქართველოს იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილისთვის კვალიფიციური ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის უზრუნველყოფისა და რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მისი მონახულების ნებართვის თხოვნით მიმართა. ამის შესახებ დენისოვა სოციალირ ქსელში დაწერა.

„ქართველ პარლამენტარებს მივაწოდე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მივმართე საქართველოს იუსტიციის მინისტრს, მიიღოს ზომები უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილისთვის კვალიფიციური ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის უზრუნველსაყოფად. ვესაუბრე მომავალ თვეში რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების გეგმების შესახებ. შესაბამისი ნებართვის თხოვნით საქართველოს იუსტიციის მინისტრსაც მივმართე,“ - წერს დენისოვა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.