ბიძინა კულუმბეგოვი: „ბუსტერ“ დოზით აცრიდან 3 თვის განმავლობაში 90%-იანი გარანტიაა, რომ ჰოსპიტალში არ მოხვდებით

„ბუსტერ“ დოზით აცრიდან 3 თვის განმავლობაში 90%-იანი გარანტიაა, რომ ჰოსპიტალში არ მოხვდება პაციენტი. ალერგოლო-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, „ომიკრონით“ ინფიცირების ალბათობა ბუსტერ დოზით აცრის შემდგომ შემცირებულია.

„ომიკრონის“ შეხვედრის ალბათობა ბუსტერ დოზითშემდგომ არის შემცირებული, 75% ეფექტურობა აქვს, მაშინ, როდესაც 2 დოზის შემდეგ ეს არის 30-დან 50%-მდე. სამი თვის განმავლობაში „ბუსტერის“ შემდგომ ადამიანს 90%-იანი გარანტია აქვს, რომ ჰოსპიტალში არ მოხვდება და სახლის პირობებში გადაიტანს ინფექციას, რაც არ უნდა რისკის მატარებელი იყოს ასაკით, ქრონიკული დაავადებებით და ა.შ. 90 დღის განმავლობაში არის და შემდგომ 5%-ით მცირდება“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა „ფორმულას“ ეთერში.

ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, „ომიკრონი“ შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს.

„ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ.

წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს.