საქართველოში ევროპარლამენტარების ვიზიტი, რომელიც 21-22 იანვარს უნდა განხორციელებულიყო, გაუქმდა

საქართველოში ევროპარლამენტარების ვიზიტი გაუქმდა. მიზეზს განცხადების ავტორები თავად განმარტავენ.

„როგორც ჟან მონეს დიალოგის თანაფასილიტატორები, ვწუხვართ, რომ 21-22 იანვარს დაგეგმილი ვიზიტი თბილისში არ განხორციელდება, რადგან თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ვერ გამონახა დრო, რომ ჩაერთოს პროცესში.

ვიზიტი მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტთან ჟან მონეს დიალოგის პროცესის დაწყების შესაძლებლობის შესწავლას, რომლის მიზანი იყო პარტიათაშორისი დიალოგის განვითარება უკეთესი დემოკრატიული საპარლამენტო კულტურისა და ნდობის ასაშენებლად. ჟან მონეს დიალოგის პროცესი არის მედიაციის მოქნილი და დადასტურებული ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა პოზიციისა და ინტერესების გათვალისწინება. ვწუხვართ, რომ ამ ამბიციური პროცესის დასაწყებად აუცილებელი პოლიტიკური პირობები ამ ეტაპზე არ არის შესრულებული.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტს აქვს საკვანძო პოზიცია და პასუხისმგებლობა ქვეყანაში არსებული და მავნე პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოსაფხვრელად, წინსვლის ინკლუზიური და რეფორმისტული დღის წესრიგით.

ქვეყნის წინაშე მდგარი ძირითადი გამოწვევებისა და მოქალაქეების მოლოდინების გათვალისწინებით, ჩვენ ვრჩებით ერთგულნი ჩვენი მისწრაფების და მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს პარლამენტს ამ ძალისხმევაში“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ვიოლა ფონ კრამონ ტაუბადელის, მარინა კალიურანდის და მირიამ ლექსმანის სახელით ვრცელდება.