ყაზახეთის არეულობიდან ორ კვირაზე მეტი ხნის შემდეგ, დღის წესრიგშია საკითხი, თუ რა გაკვეთილი მიიღეს ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებმა მომხდარისგან და რა პრობლემებზე მოუწევთ მათ ყურადღების გამახვილება და კონცეტრირება. გრძელვადიან პერსპექტივაში რა გავლენას იქონიებს კრიზისი შუა აზიის სხვა სახელმწიფოებსა და თავად ყაზახეთზე და როგორ იკვეთება იქ ამა თუ იმ ქვეყნის ინტერესები. ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე Europetime უზბეკეთში მსოფლიო ეკონომიკისა და დიპლომატიის უნივერსიტეტის უფროს მკვლევარს, მართვისა და ბაზრების კვლევითი ცენტრის მკვლევარს აკრამ უმაროვს ესაუბრა.
_ყაზახეთში მომხდარს როგორ შეაფასებთ, რა პროცესებთან გვქონდა საქმე?
ის, რაც ყაზახეთში მოხდა, ძირითადად შიდა საკითხებთან, ნეგატიურ სოციალურ-ეკონომიკურ მოვლენებთან იყო დაკავშირებული. ხალხი ითხოვდა გაზის ფასის შემცირებას, მაგრამ სამწუხაროდ, იყვნენ ჯგუფები, რომლებიც იბრძოდნენ ძალაუფლების განაწილებისთვის. სოციალურ-ეკონომიკური პროტესტი, სამწუხაროდ, ამ კრიმინალურმა ელემენტებმა გადაფარეს, რომლებიც ასეთი შესაძლებლობით ცდილობდნენ პრობლემების გადაჭრას. თუმცა არ ვფიქრობ, რომ რაიმე მნიშვნელოვანი გარე ფაქტორი მოქმედებდა. რუსეთი თავად ყაზახეთის ხელისუფლებამ მიიწვია დასახმარებლად.
იყო მრავალი დისკუსია, რომელიც მიუთითებდა იმაზე, რომ ამ ფაქტმა შეზღუდა ყაზახეთის სუვერენიტეტი. შესაძლოა, ამ მომენტში ასე გამოიყურება, მაგრამ გრძელვადიანი პერსპექტივიდან, მე მჯერა, რომ ყაზახეთის საზოგადოებას აქვს ძალიან ძლიერი იდენტობა და ეროვნული სუვერენიტეტის განცდა, ისინი ამ საკითხებზე კომპრომისზე არ წავლენ არცერთ გარე აქტორთან. ისინი წინააღმდეგობას გაუწევენ მათი ეროვნული სუვერენიტეტის შელახვის ნებისმიერ მცდელობას.
_აღსანიშნავია, რომ თავად პრეზიდენტი თოყაევი მიუთითებდა გარე ფაქტორზე...
დიახ, გარკვეულწილად, ეს ყაზახეთის ოფიციალური პოზიცია იყო, მაგრამ ცოტა უნდა დაველოდოთ. ჩვენ ჯერ კიდევ შეზღუდული ინფორმაცია გვაქვს ამის შესახებ.
_რაც შეეხება რუსეთის გავლენის ზრდას ცენტრალურ აზიაში, ასევე ჩინეთისა და აშშ-ის როლს, როგორ არის ეს დაბალანსებული და გადაკვეთილი?
რუსეთის მხრიდან პასუხი მეტყველებს იმაზე, რომ მას შეუძლია სწრაფი რეაგირება; რომ აჩვენოს, რომ ჯერ კიდევ აქვს მნიშვნელოვანი გავლენა პოსტსაბჭოთა სივრცეში. რა გავლენას იქონიებს ეს ყაზახეთზე გრძელვადიან პერსპექტივაში? ჩვენ გვჭირდება გარკვეული დრო ამის შესაფასებლად. რაც შეეხება ჩინეთს, მას ძალიან აინტერესებს ყაზახეთის სტაბილურობა. დიდად არ აინტერესებს, ვინ არის ხელისუფლებაში. თუ არსებობს ლეგიტიმური მთავრობა, რომელსაც შეუძლია, უზრუნველყოს ჩინეთის ინვესტიციებისთვის საჭირო გარანტიები და მიაწოდოს ნავთობი და გაზი ყაზახეთიდან ჩინეთში, ვფიქრობ, ჩინეთი ამით ძალიან კმაყოფილი იქნება.
ისინი არ ცდილობენ შიდა საკითხებში ჩარევას, მაგრამ დაინტერესებულნი არიან, რომ ყაზახეთში იყოს ქმედუნარიანი მთავრობა, რომელიც უზრუნველყოფს ჩინეთის ეკონომიკური ინტერესებისთვის აუცილებელ გარანტიებს. აშშ-ს ძალიან შეზღუდული ინტერესი აქვს ცენტრალურ აზიაში, განსაკუთრებით ავღანეთიდან გასვლის შემდეგ. ათწლეულების განმავლობაში მათი ინტერესი ცენტრალური აზიაში უკავშირდებოდა შეერთებული შტატების ინტერესს ავღანეთში. ახლა ავღანეთში ამერიკა არ არის და მათ შეზღუდული ინტერესი აქვთ ცენტრალურ აზიაში. ამიტომ, უბრალოდ გამოთქვეს შეშფოთება ხაზახეთში განვითარებული მოვლენების გამო და მოუწოდეს სიტუაციის სტაბილიზაციისკენ, რაც უნდა მომხდარიყო ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის გარეშე. მოკლედ, ეს იყო აშშ-ის პოზიცია.
_რა გავლენას ახდენს მიმდინარე მოვლენები ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებზე?
ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებს ჯერ კიდევ ბევრი შიდა პრობლემა გვაქვს და ამ საკითხების გადასაჭრელად შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება გვჭირდება, ამიტომ უნდა ვეცადოთ ჩვენი ეკონომიკის რეფორმირებას, რათა უფრო მიმზიდველი გავხდეთ. მნიშვნელოვანია, ამ კრიზისიდან საჭირო გაკვეთილების მიღება. უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ ჩვენი ინსტიტუტების გასავითარებლად და შესაძლო კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირებისთვის. ყაზახეთის უსაფრთხოების ინსტიტუტების მზადყოფნა მეტყველებს იმაზე, რომ სისტემაში ყველაფერი შესანიშნავად არ იყო. სისტემაში იყო გარკვეული პრობლემები, რამაც გამოიწვია მოვლენების ასეთი განვითარება. უფრო მეტი მზადყოფნა და მომხდარიდან დასკვნების გამოტანა გვმართებს.
_თქვენ უზბეკეთს წარმოადგენთ, რას გვეტყვით იქაურ განწყობებზე, დამოკიდებულებებზე, რა გაჩვენათ ყაზახეთის მაგალითმა?
ეს სიტუაცია საკმაოდ მოულოდნელი იყო არამხოლოდ უზბეკეთისთვის, არამედ მთლიანად ცენტრალური აზიისთვის. რადგან ყაზახეთი ჩვეულებრივ განვითარებულ და მდიდარ ქვეყნად ითვლება. ხალხი ფიქრობს, რომ მათ აქვთ პროტესტის უფლება, მაგრამ ასეთი ძალადობა არავის მოუტანს სარგებელს. შემდგომი ძალადობა და სისასტიკე, რომელიც მოხდა ყაზახეთის ქუჩებში, მეტყველებს იმაზე, რომ სიტუაცია შეიძლება ძალიან სწრაფად გამოვიდეს კონტროლიდან.
ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ რეგიონმა კვლავ სათანადოდ შეაფასოს სიტუაცია, მიიღოს საჭირო გაკვეთილები და უპასუხოს ხალხის საჭიროებებს. უზბეკეთი ცდილობს ამის გაკეთებას, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვჭირდება, განსაკუთრებით ეკონომიკური განვითარების კუთხით.
ჩვენ გვყავს დიდი პოპულაცია, მაგრამ მაღალია უმუშევრობის დონე. უნდა ვიმუშაოთ სამუშაო ადგილების გაზრდაზე, რათა განვავითაროთ ჩვენი ეკონომიკა და გავაუმჯობესოთ ჩვენი განათლების სისტემები. ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის, მაგრამ, რა თქმა უნდა, მეტის გაკეთება გვჭირდება. დრო გადის და სიტუაცია ძალიან სწრაფად იცვლება. უნდა ავუწყოთ ფეხი მსოფლიოს.