NATO ხმელთაშუა ზღვაში მასშტაბურ წვრთნებს ჩაატარებს

შეერთებული შტატები და NATO ხმელთაშუა ზღვაში 12-დღიან წვრთნებს ჩაატარებენ, - ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა. ინფორმაცია Twitter-ზე გაავრცელა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმაც.

წვრთნები, Neptune Strike-ი 24 იანვარს დაიწყება და მისი მიზანი NATO-ს საზღვაო შესაძლებლობების დემონსტრირება და გამოცდაა. წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ ამერიკული ავიამზიდი USS Harry Truman-ი და მისი თანმხლები ჯგუფი.

შეერთებული შტატების განმარტებით, ეს აქტივობა, რომლის შესახებაც ადრეც იყო საუბარი, როგორც დაგეგმილი წვრთნების ნაწილი, არ უკავშირდება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შიშს.

კირბიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსკოვთან დაძაბულობის ფონზე იყო დისკუსიები საზღვაო წვრთნების ჩატარების შესახებ, მაგრამ თავად წვრთნები არ არის იმ ტიპის სცენარის საწინააღმდეგოდ, რაც შეიძლება განვითარდეს უკრაინასთან დაკავშირებით“.

USS Harry Truman-ი და მისი თანხმლები ჯგუფი ხმელთაშუა ზღვაში დეკემბრის შუა რიცხვებიდან იმყოფებოდნენ.

„წვრთნების შესახებ ცნობილი გახდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამართა მოლაპარაკებები თავის რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან, დაძაბულობის განმუხტვის მცდელობის მიზნით. აშშ და მისი მოკავშირეები შიშობენ, რომ მოსკოვი შესაძლოა, ემზადებოდეს უკრაინაში შეჭრისთვის“, - წერს საერთაშორისო მედია.

21 იანვარს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალები იანვარ-თებერვალში ხმელთაშუა, ჩრდილოეთ და ოხოტის ზღვებში და წყნარ და ატლანტის ოკეანეებში მასშტაბურ წვრთნებს გამართავს. მასში 140 სამხედრო გემი, 60-ზე მეტი თვითმფრინავი, 1 000 ერთეული სამხედრო ტექნიკა და 10 000 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.