თენგიზ ცერცვაძე: „ომიკრონს“ კი ახასიათებს მსუბუქი მიმდინარეობა, მაგრამ მთელ მსოფლიოში მოიმატა ჰოსპიტალიზაციამ და სიკვდილიანობამ

გავრცელებული აზრი, რომ „ომიკრონი“ იწვევს ნაკლებად მძიმე დაავადებას, ნაკლებ სიკვდილიანობასა და საშიში არ არის, მცდარი პოზიციაა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, „ომიკრონი“ „დელტაზე“ და სხვა შტამებთან შედარებით 2-5-ჯერ მეტად, ანუ საშუალოდ, ინფიცირების 3-ჯერ მეტ შემთხვევას იძლევა.

„ჩვენთან შემთხვევები არ გასამმაგებულა, მაგრამ იქითკენ მივდივართ. 2-3-ჯერ უფრო მსუბუქი მიმდინარეობისაა, ვიდრე „დელტა“ შტამი, მაგრამ არა ისეთი მსუბუქი, რომ საშიში აღარ იყოს - ის 2-ჯერ, მაქსიმუმ 3-ჯერ ნაკლებ ჰოსპიტალიზაციას იწვევს, ასევე 2-ჯერ, მაქსიმუმ 3-ჯერ ნაკლებ სიკვდილიანობის შემთხვევებს.

„ომიკრონს“ კი ახასიათებს მსუბუქი მიმდინარეობა, მაგრამ აბსოლუტურ რაოდენობაში, მთელ მსოფლიოში მოიმატა როგორც ჰოსპიტალიზაციამ, ასევე სიკვდილიანობამ. შედარებით მსუბუქია, მაგრამ დიდი რაოდენობით ახალი შემთხვევების ხარჯზე მეტ სიკვდილიანობას იწვევს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ ეთერში.