საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები წარადგინა. ესენია: გიორგი კალანდარიშვილი და თენგიზ თევზაძე.
გიორგი კალანდარიშვილის თქმით, იგი შეეცდება, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები დაარწმუნოს, რომ ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე ყოფნის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ მისცენ. ამ მიზნით იგი აპირებს დეპუტატებს საკუთარი ხედვა და გეგმები წარუდგინოს.
„ჩატარებული არჩევნები დიდ იმედს მიქმნის იმისთვის, რომ ჩემი კანდიდატურა საკანონმდებლო ორგანოში მხარდაჭერილი იქნება“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.
თავის მხრივ, ცესკოს თავმჯდომარეობის მეორე კანდიდატი თენგიზ თევზაძე აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოს ცესკოში განსახორციელებელ რეფორმებს შესთავაზებს.
„აუცილებელია შეირჩეს პოლიტიკურად ნეიტრალური კანდიდატი და პოლიტიკურ პარტიებს შორის ნდობა დაუბრუნდეს. მე ყველა პოლიტიკურ პარტიასთან გავმართავ შეხვედრებს და ავუხსნი იმ მინიშვნელოვან რეფორმებს, რომელიც ჩემი თავმჯდომარეობის შემთხვევაში განხორციელდება“, - აღნიშნა თევზაძემ.
ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ასარჩევად 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.
ასევე წაიკითხეთ:
ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების სია გამოქვეყნდა