ბელგიამ კოვიდსერტიფიკატების მოქმედების ვადა 5 თვემდე შეამცირა

ბელგიამ კოვიდსერტიფიკატების მოქმედების ვადა 5 თვემდე შეამცირა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ალექსანდრ დე კროოს გადაწყვეტილებით, 1 მარტიდან ამოქმედდება ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც ორჯერადად აცრილი ადამიანების კოვიდსერტიფიკატი 5 თვის განმავლობაში იქნება მოქმედი.

ამასთან, რესტორნები და ბარები 23:00 საათის ნაცვლად 24:00 საათზე დაიხურება, იხსნება სათამაშო მოედნები და ბოულინგ-ცენტრები.

ცნობისთვის, ბელგიის ზრდასრული მოსახლეობის 89% ორჯერადად არის ვაქცინირებული, 67%-მა კი ე.წ. ბუსტერიც გაიკეთა.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.