გერმანიის საზღვაო ძალების სარდალმა, კაია-ახიმ შოინბახმა ბოდიში მოიხადა მის მიერ გაკეთებული კომენტარის გამო, რომელიც Youtube-ზე, შემდეგ კი გერმანულ მედიაში ფართოდ გავრცელდა.
შოინბახმა Twitter-ზე განთავსებულ პოსტში განმარტა, რომ ეს იყო მისი პირადი მოსაზრება და არა თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური პოზიცია.
ამასთან, ბერლინში თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ შენბახის კომენტარი არ ასახავს გერმანიის პოზიციას.
„ადმირალ შენბახს ექნება შანსი, თავისი შეხედულებები თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს დაუკონკრეტოს”, - აღნიშნა სპიკერმა.
ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა გერმანიას, საჯაროდ უარყოს საზღვაო ძალების მეთაურის კომენტარები.
შოინბახის კომენტარებმა იმის შესახებ, რომ ყირიმი არავითარ შემთხვევაში არ დაბრუნდება უკრაინაში და რომ რუსეთის პრეზიდენტი პატივისცემას იმსახურებდა, შეიძლება შეაფერხოს დასავლეთის ძალისხმევა სიტუაციის დეესკალაციისკენ“, - მიიჩნევს კიევი.
შეგახსენებთ, გერმანიის საზღვაო ძალების სარდალმა განაცხადა რომ „ის, რაც პუტინს ნამდვილად სურს, პატივისცემაა“.
„და, ღმერთო ჩემო, ვიღაცისთვის პატივისცემით მოპყრობა მარტივია, უმარტივესი… მე რომ მკითხოთ, მარტივია, მისცე მას პატივისცემა, რომელსაც ნამდვილად ითხოვს და რომელსაც, ალბათ, იმსახურებს”, - აღნიშნავს კაია-ახიმ შოინბახი, რომელიც საქართველოსაც შეეხო.
„სხვა ქვეყნები, როგორიცაა საქართველო, მზად არის, იყოს წევრი. აკმაყოფილებენ თუ არა მოთხოვნებს? დიახ, აკმაყოფილებენ. გონივრულია მათი წევრობა? არა, ასე არ არის”.