ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა კოვიდშეზღუდვების გამო ქორწილი გადადო. BBC-ს ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა დაუდასტურა ჟურნალისტებს, რომ მისი და ტელეწამყვან კლარკ გეიფორდის ქორწილი გაუქმდა.
„არაფრით განვსხვავდები ათასობით ახალი ზელანდიელისგან, რომლებმაც პანდემიის დამანგრეველი შედეგები იგრძნეს. საშინელებაა, როცა არ გეძლევა საშუალება, იყო საყვარელი ადამიანის გვერდით, რომელიც მძიმედ ავადმყოფობს. ეს აღემატება ნებისმიერ მწუხარებას, რომელსაც მე განვიცდი“, - აღნიშნა ჯასინდა არდერნმა.
ახალ ზელანდიაში „ომიკრონის“ ტალღის გავრცელების გამო შეზღუდვები გაამკაცრეს. ღონისძიებებზე 100 ვაქცინირებული ადამიანის დასწრებაა შესაძლებელი. 25 ადამიაის შეკრება კი იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ კოვიდსაშვის წარდგენა არ იქნება მოთხოვნილი. ეს შეზღუდვა ვრცელდება სპორტდარბაზებსა და ქორწილებზე.
„ახალი ზელანდია პანდემიის დაწყების დღიდან მკაცრ რეგულაციებს იყენებს, რაც საშუალებას აძლევს მას მინიმუმამდე დაიყვანოს სიკვდილიანობა. ეს იყო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც დახურა თავისი საზღვრები და გამოიყენა ლოკდაუნი. 12 წელზე უფროსი ასაკის დაახლოებით 94% სრულად არის აცრილი, 56% „ბუსტერ“ დოზით აიცრა. ახალ ზელანდიაში დაფიქსირებულია კორონავირუსის 15,104 შემთხვევა და გარდაცვლილია 52 ადამიანი“, - წერს BBC.