თურქეთში ცნობილი ჟურნალისტი ქვეყნის პრეზიდენტის შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს

თურქეთში ცნობილი ჟურნალისტი სედეფ კაბასი ქვეყნის პრეზიდენტის შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს. ბრალდება ერთიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ტელეარხის ხელმძღვანელობამ ჟურნალისტის დაკავება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „ანდაზის გამო, ღამის 2 საათზემისი დაკავება მიუღებელია. ეს არის ჟურნალისტების, მედიისა და საზოგადოების დაშინების მცდელობა“.

„არსებობს ძალიან ცნობილი ანდაზა, რომ გვირგვინის დადგმის შემდეგ, თავი უფრო ბრძენი ხდება. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება“, - ციტირებს ჟურნალისტის სიტყვებს BBC. ერდოღანის მთავარმა პრესმდივანმა ფაჰრეთინ ალტუნმა სედეფ კაბასის ამ კომენტარს „უპასუხისმგებლობა“ უწოდა.

„ე.წ. ჟურნალისტი უხეშად აყენებს შეურაცხყოფას ჩვენს პრეზიდენტს სატელევიზიო არხზე, რომელსაც სხვა მიზანი არ აქვს, გარდა სიძულვილის გავრცელებისა“, დაწერა ალტუნმა Twitter-ზე.

ცნობისთვის, ათასობით ადამიანს ერდოღანის შეურაცხყოფის ბრალდება მას შემდეგ წაუყენეს, რაც ის პრეზიდენტი გახდა. 2020 წელს კი, 31000-ზე მეტი გამოძიება დაიწყო, იუწყება სააგენტო Reuters-ი. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ქვეყანას კანონმდებლობის შეცვლისკენ არაერთხელ მოუწოდა.