უკრაინის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს სიტყვით უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა მიმართა

უკრაინის მხარდამჭერი აქცია თბილისში, უკრაინის საელჩოსთან 23 იანვარს გაიმართა. საელჩოსთან შეკრიბნენ საზოგადოებრივი ჯგუფები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, აქტივისტები. აქციის მონაწილეებმა ადგილზე უკრაინისა და საქართველოს ჰიმნები ააჟღერეს და ორივე ქვეყნის დროშები გაშალეს. წარმოადგინეს ბანერები წარწერით - ,,უკრაინა და საქართველო რუსეთის გარეშე”, ,,დიდება უკრაინას”, ,,არასდროს დავბრუნდებით საბჭოთა კავშირში”.

,,ეს არის სოლიდარობის აქცია ჩვენი ისტორიული მეგობრისა და სტრატეგიული პარტნიორის მიმართ, რომელიც იმავე გამოწვევების წინაშე დგას როგორშიც იდგა 2008 წელს საქართველო. როდესაც საქართველო-უკრაინის საკითხი ერთად წყდება საერთაშორისო დონეზე, ქართული ხელისუფლების დუმილი არის ანტისახელმწიფოებრივი და ეწინააღმდეგება საქართველოს მომავალ უსაფრთხოებას. ყველაფერი ეს ჯდება მხოლოდ რუსეთის ინტერესებში”, - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ნიკა ფარულავამ.

რადიო თავისუფლების ცნობით, აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ქართველი ხალხის მიმართ მადლიერება გამოხატა უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა, ანდრეი კასიანოვმა.

„რუსეთის სამხედრო აგრესიის პირობებში დღეს მნიშვნელოვანია თითოეული უკრაინელის, თითოეული ქართველის, უკრაინის თითოეული მხარდამჭერის ხმა. ძვირფასო ქართველებო, უკრაინა განსაკუთრებით მადლიერია ქართველი ხალხის, თქვენი სოლიდარობისთვის. დღეს თქვენი მოსვლა და ყოფნა აქ [უკრაინის საელჩოსთან] დემონსტრირებაა ქართველი ხალხის შეუქცევადი ერთგულებისა უკრაინელი ხალხის მისამართით... საქართველოს გაუმარჯოს! უკრაინას გაუმარჯოს!“, - აღნიშნა კასიანოვმა.

21 იანვარს, მოძრაობა „სირცხვილიამ“ ღია წერილით მიმართა საქართველოში უკრაინის ელჩსა და საელჩოს თანამშრომლებს. წერილში აღნიშნული იყო, რომ უკრაინა და საქართველო ერთად დგანან თავიანთი მშვიდობის, უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლისთვის.

აქციის მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლება არასაკმარის მხარდაჭერას გამოხატავს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, უკრაინის მისამართით, რომელიც ახლა რუსეთის მხრიდან მორიგი სამხედრო თავდასხმის რეალური საფრთხის წინაშე დგას.

აქციის მონაწილეებმა გაიხსენეს 2008 წელი, როდესაც „უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტი, ვიქტორ იუშჩენკო, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის ლიდერებთან ერთად, თბილისში სოცოცხლის რისკის ფასად ჩამოვიდა“.

„უნდა ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ, მიუხედავად ჩვენთვის არალეგიტიმური ხელისუფლების ასე მოქცევისა, ჩვენ არ ვდგავართ ისტორიის არასწორ მხარეს, საითაც გვექაჩება რუსეთი“, - განაცხადა „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის.

ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს.

უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს.