უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო დმიტრო კულებასა და დავით ზალკალიანს შორის გამართულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უკრაინის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ დმიტრო კულება და დავით ზალკალიანი შეთანხმდნენ საერთო პოზიციაზე: უკრაინისა და საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის საკითხზე რუსეთთან დათმობაზე წასვლა მიუღებელია.
„უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაციის კონტექსტში, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრო კულებამ სატელეფონო საუბარი გამართა საქართველოს ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან. რუსეთის აგრესიული ქმედებების ფონზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინას საქართველოს სოლიდარობა გამოუცხადა და ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერა გამოხატა. მან ასევე დაადასტურა კიევში საქართველოს საელჩოს პერსონალის ოჯახის წევრებისა და საელჩოს თანამშრომლების ევაკუაციის განზრახვის არარსებობა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა, მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის.
ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს.
უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის.
საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა