პენტაგონის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში ევროპაში გადასროლისთვის, 8500-მდე ამერიკელი ჯარისკაცი გაძლიერებულ მზადყოფნაშია მოყვანილი. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრესმდივანმა განაცხადა, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა გამოსცა ბრძანება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მითითებით.
ამერიკული მედია აღნიშნავს, რომ ეს არის უახლესი ნაბიჯი, რომელიც აშშ-მ გადადგა უკრაინაში რუსეთის პოტენციური შეჭრისთვის მოსამზადებლად.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს.
უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის.