მეტროში ძალადობის ფაქტზე შს სამინისტროს ორი თანამშრომელი დააკავეს

მედიასაშუალებებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილი ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი დააკავეს. ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ გიორგი გამეზარდაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კერძოდ, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ., ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულია ამავე სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი კ.ბ.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2022 წლის 24 იანვარს, მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება. გამოძიების დაწყების შემდგომ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები: დათვალიერდა შემთხვევის ადგილი; გამოიკითხნენ მოწმეები, მათ შორის, ფსიქოლოგის თანდასწრებით გამოიკითხა პირი, რომლის მიმართაც განხორციელდა ძალადობა; გამოთხოვილი იქნა გამოძიებისთვის საინტერესო ვიდეოჩანაწერები; ამოღებული იქნა ერთ-ერთი დაკავებულის მობილური ტელეფონი; დაინიშნა ექსპერტიზები", - განაცხადა გამეზარდაშვილმა.

ასევე წაიკითხეთ:

შსს მედიაში გავრცელებულ ვიდეომასალაზე, სადაც მეტროში პოლიციელის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტია ასახული, განცხადებას ავრცელებს