საპენსიო სააგენტოს დირექტორად გიორგი დანელია დაინიშნა. სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი დაკისრებული მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგა.
სააგენტოს ცნობით, გიორგი დანელია ეკონომიკის დოქტორის ხარისხს ფლობს. ეკონომიკისა და ფინანსების მიმართულებით მაგისტრის წოდება მიიღო მაგდებურგის უნივერსიტეტში. აქვს, საფინანსო სექტორში საინვესტიციო პროექტების მართვის რვაწლიანი სამუშაო გამოცდილება.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, „საპარტნიორო ფონდში“ მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე მათ შორის: საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორად და აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ საინვესტიციო მიმართულებით. საინვესტიციო დეპარტამენტში მუშაობის პერიოდში, ორ მილიარდ დოლარზე დიდი პორტფელის მართვის გამოცდილება აქვს. წლების მანძილზე სს მუშაობდა, საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისიაიში“ რეპორტინგის ოფიცერის და საკონსულტაციო კომპანია „სინერჯი ჯგუფში“ ანალიტიკოსის პოზიციაზე. გიორგი დანელია დღესაც ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას, არის CFA ინსტიტუციის მონაწილე, ასოცირებული პროფესორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და მოწვეული ლექტორი კავკასიის უნივერსიტეტში.
„ მე დღეს შემოვუერთდი საპენსიო სააგენტოს გუნდს და ჩვენი ამოცანაა სააგენტოს ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა. საპენსიო სქემა მოგეხსენებათ, რომ არის გრძელვადიანი დივიდენდი საქართველოს მოქალაქეებისთვის და მან მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში“, - აცხადებს გიორგი დანელია.
2020 წლის 10 აგვისტოს საპენსიო სააგენტოს დირექტორის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა, რომელშიც მონაწილეობის სურვილი 88 კანდიდატმა გამოთქვა. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა. თავდაპირველად რეზიუმეები შეფასდა და მიღებული რეზიუმეებიდან, ვაკანსიით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, სამეთვალყურეო საბჭომ 5 კანდიდატი შეარჩია. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან გასაუბრების შემდეგ, არჩევანი გიორგი დანელიაზე შეჩერდა და 15 დეკემბერს საპენსიო სააგენტოს დირექტორად 5 წლის ვადით ოფიციალურად დაინიშნა.