ადამიანები, რომლებსაც სიმპტომების მიუხედავად ტესტი არ გაუკეთებიათ, მაგრამ ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ, კოვიდგადატანილებად ჩაითვლებიან და „მწვანე პასპორტსაც“ მიიღებენ. ამის შესახებ გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„სამინისტრომ დაუშვა შესაბამისი ნორმატიული აქტი - თუ ადამიანი არ არის გატესტილი, მაგრამ ჰქონდა სიმპტომები და ის დაუკავშირდა 112-ს, ასევე ჰქონდა ოჯახის ექიმთან კონტაქტი, ოჯახის ექიმი მას მეთვალყურეობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ისინი შესაბამისად აისახებიან მერე ბაზაში „მწვანე პასპორტისთვის“ ან მოგზაურობისთვის“, - განაცხადა გამყრელიძემ.