NCDC-ის ხელმძღვანელმა მწვანე პასპორტების შესახებ დღევანდელი განცხადება განმარტა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მწვანე პასპორტების შესახებ დღევანდელი განცხადება განმარტა.

საუბარია განცხადებაზე, რომ „ადამიანი, რომელიც არ იყო გატესტილი, მაგრამ ჰქონდა სიმპტომები და კავშირი ოჯახის ექიმთან, აისახება ბაზაში მწვანე პასპორტისთვის ან მოგზაურობისთვის“.​ გამყრელიძის განმარტებით, საუბარია ადამიანებზე, რომლებსაც ტესტი ჩატარებული აქვთ, მაგრამ პორტალზე მათი ლაბორატორიული კვლევის შედეგი არ იძებნება.

„ჩემი განცხადება თავიდანვე იმით დავიწყე, რომ ეყრდნობოდა დაურეგისტრირებელ ხალხს. ვთქვი, რომ არსებობს ჯანდაცვის სამინისტროს ნორმატიული აქტი. ადამიანი, რომელსაც ჩატარებული აქვს ტესტი და არ იძებნება პორტალზე მისი ლაბორატორიული კვლევის შედეგი, როგორ უნდა მოიქცეს, რომ დარეგისტრირდეს. განვმარტე, როგორ იქცევა პირი, რომელიც 112-ში იყო დარეგისტრირებული, ან იმყოფებოდა აღრიცხვაზე ონლაინკლინიკაში, ან საავადმყოფოში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

„ჩვენ გვქონდა ბევრი მომართვა, როდესაც ადამიანებს ჰქონდათ კოვიდის სიმპტომები, ისინი აღრიცხვაზე იყვნენ 112-ში, ონლაინკლინიკებში, მაგრამ არ ჰქონდათ ტესტი ჩატარებული ან მათი ტესტის პასუხი არ იძებნებოდა პორტალზე.

მწვანე პასპორტების საკითხზე ჩემი განცხადება სწორად არ იყო აღქმული - შეიძლება ჩემი ბრალიც იყო, რომ სრულად არ განვმარტე ეს საკითხი. მე ვთქვი, რომ ვეყრდნობით იმ ნორმატიულ აქტს, რომელიც გამოცემულია 11 იანვარს. ჩვენ გვქონდა ბევრი მომართვა, როდესაც ადამიანებს ჰქონდათ კოვიდის სიმპტომები, ისინი აღრიცხვაზე იყვნენ 112-ში, ონლაინკლინიკებში, მაგრამ არ ჰქონდათ ტესტი ჩატარებული ან მათი ტესტის პასუხი არ იძებნებოდა პორტალზე, ანუ ბაზაში. ამ ადამიანებისთვის გამოიცა ბრძანება, რომ ისინი, ვისაც პირველ დეკემბრამდე ასეთი მოცემულობა ჰქონდათ, თუ იყვნენ აღრიცხულები და ოჯახის ექიმი მათ კურირებდა, ამ ცნობების საფუძველზე ისინი აღინუსხებიან პორტალზე და მოხვდებიან მწვანე პასპორტების ბაზაში.

ეს არ არის ყველა იმ ადამიანზე, ვინც დღეს დარეკავს და იტყვის - „ინფიცირებული ვარ და დამარეგისტრირეთ“. აუცილებელია, რომ ადამიანს ტესტი ჰქონდეს გაკეთებული, მაგრამ პირველ დეკემბრამდე ვისაც რაღაც მიზეზის გამო არ ჰქონდა ტესტი, ან არ იძებნება მისი ტესტის პასუხი სისტემაში და ისინი აღრიცხულები იყვნენ 112-ში ან ონლაინკლინიკებში, მათ შეუძლიათ, მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც იყვნენ მიმაგრებულები, შესაბამისი განცხადებით. ეს ყველა მონაცემი შეგროვდება და თუ ადამიანს უდასტურდება კოვიდი, ისინი დარეგისტრირდებიან labcov.ge-ს პორტალზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ სატელევიზიო მედიასთნ ინტერვიუში.