აფრიკის დასახლებაში შენობის დემონტაჟის გაპროტესტების მცდელობისას დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით, ამ წუთებში, თბილისის მერიასთან აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები გუშინ დაკავებული ახალგაზრდის გათავისუფლებას და მიწების დაკანონებას ითხოვენ. აფრიკის დასახლებაში, შენობების დანგრევის გაპროტესტების დროს, გუშინ დაკავებულ ერთ-ერთ მოქალაქეს 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ლევან ხაბეიშვილის მისვლას დემონსტრანტების მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა, რაც პოლიტიკოსთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა წინა და ახალი ხელისუფლება მათი პრობლემების მიმართ უყურადღებობაში დაადანაშაულეს და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, ლევან ხაბეიშვილის აქციიდან გაყვანა, ფიზიკური შეხებით სცადეს.
აქციაზე მივიდა ლაშა ჩხარტიშვილიც, რომელმაც განაცხადა, რომ ხელისუფლებამ არამარტო ამ ხალხს უნდა დაუკანონოს ბინები, არამედ ვისაც არ აქვს, მათთვისაც უნდა გაითვალისწინოს სახლების აშენება თბილისის ბიუჯეტიდან.
ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.
შსს-ს პირველადი ცნობებით, 15 დეკემბერს აფრიკის დასახლებაში დაკავებული იყო 13 ადამიანი. სისხლის სამართლის მუხლით საქმე მხოლოდ ერთ მათგანზეა აღძრული.