ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატურების შერჩევის პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, რათა საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა, რომ ეს სამართლიანი პროცესია, აცხადებს ამერიკის ელჩი კელი დეგნანი. ელჩს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რამდენად გამჭვირვალედ ჩატარდა შერჩევის პროცესი და როგორი მოლოდინებია სანდოობის მხრივ.
კელი დეგნანმა უპასუხა რომ უფრო მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს თავად ქართული საზოგადოება .
„პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, რათა ქართველ საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა, რომ ეს სამართლიანი პროცესია; რომ ხალხი, რომელიც ამ მნიშვნელოვან პოზიციებს დაიკავებს, იქნებიან მიუკერძოებლები და პროფესიონალები არჩევნების ჩატარებისას.
თვალსაჩინოა, რომ ბოლო რამდენიმე არჩევნები იყო სადავო. ხალხს ახლა სჭირდება, დაინახოს, რომ ჰყავს ადმინისტრაცია, რომლის მიუკერძოებლობა და პროფესიონალიზმი არჩევნების ჩატარებისას ნდობას იმსახურებს. ვიმედოვნებ, ეს იქნება ამ პროცესის შედეგი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საკანონმდებლო ორგანოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობაზე ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილისა და სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის აღმასრულებელი დირექტორის თენგიზ თევზაძის კანდიდატურები გადაუგზავნა. თავმჯდომარეობის კანდიდატურებთან ერთად, პარლამენტს პრეზიდენტმა ცესკოს წევრობის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ოთხი კანდიდატურა წარუდგინა.