ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი უკრაინასთან დაკავშირებით გერმანიის პოზიციას აკრიტიკებს. ლიეტუვის ყოფილი პრემიერის აზრით, თუ დასავლეთი ვლადიმერ პუტინს ჯეროვან პასუხს ვერ გასცემს, ამას დასავლეთისთვისვე მოჰყვება „უკიდურესად ტრაგიკული შედეგები“.
„გერმანიის ფილოსოფია - არ მიაწოდოს თავდაცვითი იარაღი უკრაინას - მცდარი ფილოსოფიაა. გერმანული ლოგიკით გამოდის, რომ გერმანული იარაღი არ უნდა გამოიყენებოდეს რუსების წინააღმდეგ, მაგრამ რუსული იარაღი თუ გამოიყენება უკრაინელების წინააღმდეგ, ამას არა უშავს? თუ ომის თავიდან აცილება გვინდა, უკრაინა კი არ უნდა დავასუსტოთ, უნდა გავაძლიეროთ - აი, რა შეაჩერებს პუტინს.
პუტინი „ნადირობს“ სუსტებზე, და არა ძლიერებზე. უნდა დავიწყოთ რუსული გაზის მონოპოლიისგან თავის დაღწევაზე საუბარი - გვჭირდება სტრატეგიული ავტონომია „გაზპრომისგან“.
როდესაც ხედავ, რომ გერმანია გაზის 50%-ს „გაზპრომისგან“ იღებს და თან სხვა არანაირი ალტერნატივა არ გააჩნია - არც თხევადი გაზის ტერმინალები ააგეს, არც რაიმე სხვა ინფრასტრუქტურა - ხვდები, რომ ეს არამხოლოდ გერმანიის, არამედ მთელი ევროპული უსაფრთხოების რეალური პრობლემაა.
თუ ბერლინი იმდენად ვერ ელევა რუსულ გაზს, რომ პოლიტიკური ნებაც კი აღარ შერჩა, კრემლის აგრესიას წინ აღუდგეს, რადგან გაზის გაძვირების ეშინია - მაშინ ეს მთელი ევროპის პრობლემაა და არამხოლოდ გერმანიის. ეს ნამდვილი კოშმარია, რადგან ჩვენ საკმარისი მტკიცებულება გვაქვს, რათა დავასკვნათ, რომ ევროპის გეოპოლიტიკური უსაფრთხოების ყველაზე დიდი საფრთხე ნამდვილად რუსეთია, პუტინის მართვის სადავეებით.
„პუტინს უკიდურესად აშფოთებს ე.წ. მწვანე შეთანხმება („ევროპული მწვანე შეთანხმება“ - პოლიტიკურ ინიციატივათა პაკეტი, რომელთა მიზანია, ევროკავშირი კლიმატნეიტრალური გახდეს). ევროკომისიის მონაცემებით, ევროკავშირში „მწვანე შეთანხმების“ განხორციელება 2030 წლის შემდეგ რუსეთიდან გაზის იმპორტს 60-70%-ით შეამცირებს - თუ ევროპა ამას რეალობად აქცევს, ეს უზარმაზარი დარტყმა იქნება არამხოლოდ რუსეთის ეკონომიკაზე, არამედ პოლიტიკურ სტრუქტურებზე.
შემდეგი კითხვაა - რა მოხდება ახლა? ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მტკიცე და პრინციპული იქნება დასავლეთის პასუხი. თუ დასავლეთი არ დათმობს - პუტინს მოუწევს უკან დახევა. მაგრამ თუ იგი რაიმე სისუსტეს ან განხეთქილებას შენიშნავს დასავლეთში, მაშინ პირიქით, იერიშზე გადმოვა“, - აღნიშნავს ანდრიუს კუბილიუსი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.