აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ტრადიციულ ბრიფინგზე უპასუხა შეკითხვას ბელარუსში დაგეგმილ წვრთნებთან დაკავშირებით. ვაშინგტონში შეშფოთებულები არიან, რომ
„რაც შეეხება ბელორუსს, ჩვენ მკაფიოდ გამოვხატავთ ჩვენს შეშფოთებას სამხედრო გაძლიერებასთან დაკავშირებით ბელორუსში, რომელიც უნდა იყოს დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა. რუსეთის მიერ ბელორუსში ჯარების შეყვანა ღრმა შეშფოთებას იწვევს. ეს ზრდა, როგორც მე ცოტა ხნის წინ აღვნიშნე, საფრთხეს უქმნის ბელორუსის სუვერენიტეტს; ის გარკვეულწილად ძირს უთხრის მის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსს. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ბელორუსი რეგიონში მზარდი დესტაბილიზაციის მოქმედი ფაქტორია.
ამის მაგალითია ლუკაშენკოს რეჟიმის ორკესტრირებული მიგრანტთა კრიზისი და უდანაშაულო მიგრანტების იარაღად გამოყენება. რუსეთის ფედერაცია მკაფიოდ გავაფრთხილეთ იმ მძიმე ფასის შესახებ, რომლის გადახდა მოუწევს, თუ ეს პროცესი წინ წაიწევს. ბოლო დღეებში ჩვენ ასევე ავუხსენით ბელორუსს, რომ თუ ის საშუალებას მისცემს რუსეთს, მისი ტერიტორია გამოიყენოს უკრაინაზე თავდასხმისთვის, მას დაემუქრება სწრაფი და გადამწყვეტი პასუხი შეერთებული შტატების, ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორებისგან.
თუ შეჭრა ბელორუსიდან განხორციელდება, თუ რუსული ჯარები მუდმივად განლაგდებიან მათ ტერიტორიაზე, NATO-ს შეუძლია, გადახედოს ჩვენი ძალების პოზიციას ბელორუსის მოსაზღვრე ქვეყნებში“, - განაცხადა ნედ პრაისმა.
რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს.
უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს.
ლუკაშენკო 17 იანვარს დათანხმდა რუსეთ-ბელორუსის ერთობლივ სამხედრო წვრთნების ჩატარებას (Союзная решимость - 202). წვრთნები დაგეგმილია თებერვალში და მიმართული იქნება დასავლეთის (პოლონეთი) და სამხრეთის (უკრაინის) საზღვრებისკენ.